ახალი ამბები
შლაგბაუმის 15-წუთიანი დაკეტვის გამო კასპის ქუჩები ცემენტმზიდებით გაივსო
ქალაქ კასპში, ცემენტმზიდებმა ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობაზე შეაფერხეს. ამის მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის 15-წუთიანი შეზღუდვა გახდა.  

სააკაძის ქუჩაზე 20-მდე სატვირთო მანქანა გაჩერდა. მძღოლები მატარებლის გავლას ელოდებოდნენ. 

კასპიცემენტის შესასვლელი ფარნავაზის ქუჩაზე გადის. დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობა ცემენტის მანქანების შესასვლელის გაუქმებას და მის გადატანას ითხოვს. ამის თაობაზე არაერთი აქცია მოეწყო. მიუხედავად ამისა, ცემენტის ქარხნის ადმინისტრაცია ამ პრობლემას არ აგვარებს.

ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სატვირთო მანქანების მოძრაობა ერთის მხრივ სახლების ვიბრაციას იწვევს, მეორეს მხრივ კი, მანქანებს ქარხნიდან ცემენტის მტვერი გამოაქვთ და ჰაერის დაბინძურებას იწვევს.

ჯერ კიდევ, 2016 წლის გაზაფხულზე, ,,ჰაიდელბერგცემენტის" ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მსხვილი ინვესტიციის პირობებში მოხდებოდა საწარმოს განახლება და მოსახლეობისგან იზოლირება. კერძოდ,  2016 წლის 18 მაისს, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა 120 მილიონი ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულება 2016 წლის ივნისში გაფორმდა. 

პროექტის ფარგლებში, 100 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვას ხმარდება. დამატებით 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ბეტონის და ინერტული მასალების ქარხნების ქსელის გაფართოვებას საქართველოს მასშტაბით ითვალისწინებს. საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.

ამ ხნის განმავლობაში ფარნავაზის ქუჩის მოსახლეობა ქარხნის ახალი შესასვლელის (მოსახლეობისგან დაშორებით )გახნის პერსპექტივას ვერ ხედავს.









Print

სტატიის გამოყენების პირობები