ახალი ამბები
გორში ოთხი მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეები შეიკრიბნენ
დღეს, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დააჯილდოეს. საზეიმო ღონისძიება კულტურის ცენტრში გაიმართა.

საჩუქრები, ძირითადად, მეათეკლასელებს გადასცეს, რომელთა რიცხვმა შიდა ქართლის მასშტაბით 308-ს მიაღწია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, შარშანდელთან შედარებით, წარჩინებულ მეათეკლასელთა რაოდენობა გაიზარდა:

,,თუკი გასულ წელს 178 მოსწავლე გვყავდა, წელს 308-ს მიაღწია. ამათგან 184 გახლავთ, მხოლოდ, გორის მუნიციპალიტეტიდან" - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა თამარ მინდიაშვილმა.

მონაწილეებს კომპიუტერები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა ჩაუტანა. გორელებს კი, გორის მომავალმა მერმა კოტე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ გადასცეს.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებული ოვაციები ხაშურის მესამე სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს. აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე ამ სკოლიდან აღმოჩნდა. 

წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 2757 მოსწავლე დაჯილდოვდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის ის მოსწავლეები, რომელთაც გასულ წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები