ახალი ამბები
არაშენდას საუბნო კომისიის 11 წევრი ზედმეტი ,,106 ბიულეტენის" ფაქტზე განმარტებას აკეთებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საარჩევნო უბნის კომისიის წევრები, შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ცდომილებაზე განმარტებას აკეთებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიიდან აცნობეს. ახსნა-განმარტების მიხედვით, საუბნო კომისიის 11 წევრი შემაჯემებელ ოქმებში ზედმეტად დაფიქსირებულ ხმებს მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს.

კერძოდ, თუკი ოქმში გორის მერის კანდიდატს 190 ხმა უწერია, უნდა ეწეროს - 119; ნანა ხიზანიშვილს, ნაცვლად, 26-ისა, უნდა ეწეროს 2; ხოლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ნაცვლად 17-ისა, უნდა იყოს ერთგან 7; მეორეგან 4 და ა.შ.

ამის მტკიცებულად, უბნის წევრებს სადემონსტრაციო ოქმები მოჰყავთ, სადაც მათი აზრით, უფრო რეალური ციფრები წერია. მათი განმარტებით, სადემონსტრაციო ოქმებიდან შემაჯამებელ ოქმებში ციფრების გადატანაში შეცდომა იქნა დაშვებული.

,,მოგახსენებთ, რომ 42-ე საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შეჯამების ოქმის მე-6 გრაფაში ბათიად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტინების რაოდენობა 17 არის შეცდომით ჩაწერილი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე სახის ბიულეტინები (მაჟორიტარული, პროპორციული, მერის) იქნა დაჯამებული რეალურად, აღნიშნულ გრაფაში უნდა ეწეროს ციფრი 7. საუბნო მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის მე-6 გრაფაში ბათილად მიჩნეული ბიულეტინის რაოდენობა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ნაცვლად 17 უ ნდა იყოს 4. საუბნო მერის სემაჯამებელ ოქმში მე-6 გრაფაში ბათილად მიჩნეული ბიულეტინის რაოდენობა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ნაცვლად 17-ისა უნდა იყოს 6. ასევე ამავე ოქმის სუბიექტების მიღებილ ხმათა რაოდენობა #38 ნანა ხიზანიშვილისა, ნაცვლად 26 უნდა იყოს 2. #41 კონსტანტინე თავზარაშვილისა, ნაცვლად 190 უნდა იყოს 119, რასაც ვადასტურებთ საუბნო მერის სადემონსტარციო ოქმით." - წერენ კომისიის წევრები, რომელსაც ხელს აწერენ: 1. ნინო ხუროშვილი; 2. ხატია ტლაშაძე; 3. მანონი ღვინიაშვილი; 4. ეფემია კოპაძე; 5. ირმა ყამარაული; 6. ელზა ქაფიაშვილი; 7. დავით გიორგაძე; 8. ზაქარია კოპაძე; 9. ნიკოლოზ გიორგაშვილი; 10. ანა მაჭარაშვილი; 11. მაია ხათაშვილი.

შეგახსენებთ, 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ მერი და საკრებულოს წევრები (მაჟორიტარი და პროპორციული წესით) აირჩია. 23 ოქტომბერს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' გორის ოფისის დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ საოლქო კომისიაში წარდგენილი შემაჯამებელი ოქმები, არაშენდადან, დაუბალანებელია.

ნონა ასკილაშვილის განცხადებით, შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 106-ით მეტია ხელმომწერთა რაოდენობაზე.

,,მერის შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, გაბათილებულ ბიულეტენებთან ერთად, 106-ით მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე. ხოლო, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმის მიხედვით, ხმების რაოდენობა 10-ით მეტია ხელმოწერებზე, ცდომილებაა ასევე მაჟორიტარულ ოქმში. აქ ხმების რაოდენობა 11-ით მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე" - აღნიშნავს ნონა ასკილაშვილი.

მისი თქმით, ეჭვის ქვეშ დგება სამივე შემაჯამებელი ოქმის ნამდვილობა და საჭიროა უბნის შედეგები ხელახლა გადაითვალოს.

არაშენდას უბანი ვარიანის თემში შედის. უბანზე, სადაც 477 ამომრჩეველია, არჩევნებში მონაწილეობა 288 მოქალაქემ მიიღო. მერის არჩევნების ოქმის მიხედვით, ყუთში 394 ბიულეტენი აღმოჩნდა. რაც შეეხება პროპორციულ შედეგს, აქ, ასევე, ოქმის მიხედვით, ყუთში 298 ბიულეტენი აღმოჩნდა. ხოლო მაჟორიტარული ოქმის მიხედვით, - 299 ბიულეტენი.

ფაქტთან დაკავშირებით, საიას საჩივარს საოლქო კომისია განიხილავს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები