ახალი ამბები
საჩივრები გორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენტურობის შესახებ
გორის 32-ე საოლქო კომისიაში შეტანილი 10-მდე საჩივარი საუბნო კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობას და მათ მიმართ დისციპლინარული სანქციების გატარების მოთხოვნას ეხება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალები ცესკოდან მოიძია.

ირკვევა, რომ საოლქო კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციას ხელმოწერები და ლუქი აკლია, ხოლო რამდენიმე უბანზე შემაჯამებელი ოქმები დაუბალანსებელია.

მაგალითად, სოფელ თორტიზას უბანზე შემაჯამებელ ოქმს საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის ერთ-ერთი წევრის ხელმოწერა აკლია.

პატარა გარეჯვარის უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებს კი, კომისიის წევრის გოჩა სამხარაძის ხელმოწერა არა აქვს.

სოფელ საქაშეთის უბანზე მერის შემაჯამებელ ოქმს აკლია კომისიის წევრის ზურაბ საბაშვილის ხელმოწერა. იურისტები ამბობენ, რომ ხელმოუწერელ ოქმების გამო პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და თავად კომისიის წევრი.

წმინდაწყლის დასახლებაში (მე-15 უბანი) კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა ყურადღება არ მიაქციეს იმ ფაქტს, რომ მერის, ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში შემოსულ ამომრჩეველთა რაოდენობები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ახალუბნის საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. ერთმანეთს ამომრჩეველთა რაოდენობა და ბიულეტენების ოდენობა არ ემთხვევა. აქაც კომისიის ხელმძღვანელი და მდივანია პასუხისმგებელი.

სოფელ არაშენდაში სამივე (მერის, მაჟორიტარული, პროპორციული) არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაუბალანსებელია. კერძოდ, ოქმების მიხედვით, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი 106-ით ნაკლები აღმოჩნდა კანდიდატების მიერ მიღებული ხმების ოდენობაზე. არაშენდას ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის 11-ვე წევრმა აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდათ. მათი თქმით, სადემონსტრაციო ოქმიდან შემაჯემებელ ოქმებში ზუსტი მონაცემები ვერ გადაიტანეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდა, სხვადასხვა უბანზე კომისიის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები ითხოვენ.

მაგალითად, ბერბუკის, კირბალის, მარანას, ხიდისთავის, გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ხურვალეთის დევნილთა დასახლების საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებს, სავარაუდოდ, დისციპლინარული სახდელები დაედებათ იმის გამო, რომ საოლქო კომისიაში დაულუქავი ჩანაწერთა წიგნები წარადგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები