ახალი ამბები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უკვე 60 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაარსების დღიდან უკვე 60 ათასზე მეტი პატრულირება განახორციელეს. ამის თაობაზე, საიუბილეო გასვლა მცხეთის ოფისის თანამშრომლებმა მოაწყეს. 

მისიის პრეს-სამსახურის ცნობით, რიგით მე-60 000-ე გასვლა 20 ოქტომბერს დაფიქსირდა.

,,ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ამანდატის განხორციელების კუთხით" - აღნიშნავს მისიის წარმომადგენელი.

ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გაიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

მისიის პრიორიტეტებია: საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა; საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

მისია ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.

მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას დღემდე არ აძლევენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები