ახალი ამბები
ქვეშის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა - 229 მოსწავლე ორ სოფელში გადანაწილდება
ერთი კვირაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა დაიკეტა. სიძველის გამო, სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავიდან წყალი ჩადის.

ქარსა და წვიმას, ბოლო დღეებში, მესამე სართულის ჭერმა ვეღარ გაუძლო. ადგილობრივი მკვიდრი, შალვა უკანწყაროელი ამბობს, რომ ნაშალ მასალას ლამის დამლაგებლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,რამდენი წელია გავიძახით, რომ სკოლა ინგრევა, ინგრევა. სანამ არ ჩამოინგრა ჭერი, არავინ მიაქცია ყურადღება. ეხლა ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ, დაათვალიერეს და თქვეს, რომ სკოლა უნდა დაიხუროსო" - ამბობს შალვა უკანწყაროელი.

სკოლის დირექტორი გორში ცხოვრობს, მოადგილე კი, გარეჯვარში. სოფელში დარჩენილი მოსწავლეები კი, სკოლის ეზოში თამაშს განაგრძობენ. გიორგი ქისიშვილს უთხრეს, რომ ის მომავალი კვირიდან პატარა გარეჯვრის სკოლაში ივლის. უმცროსკლასელები - ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში.

ამ ინფორმაციას განათლების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელი თამარ გოგლიძე ადასტურებს. მისი თქმით, 229 ბავშვიდან 82 მოსწავლე ქვემო არცევის დაწყებით სკოლაში გადანაწილდება. დანარჩენი 147 - გარეჯვრის სკოლაში.

,,ბავშვების ტრანსპორტირების საკითხს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აგვარებს. სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის მომავალი კვირიდან განახლდება, ოღონდ სხვა სოფლების საჯარო სკოლებში. რაც შეეხება რეაბილიტაციას, დღესაც იყვნენ განათლების სამინისტროდან წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ ერთ კვირაში ტენდერი გამოცხადდება." - აცხადებს თამარ გოგლიძე.

ზამთრის პირობების გამო, სავარაუდოდ, სკოლის რეაბილიტაცია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაგრძელდება. მანამდე ასობით ბავშვი იძულებულია მეზობელ სოფლებში იაროს. სოფელ ქვეშამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები