ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ ,,WARRIORS"-ში გორიდან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 15 ბავშვი თამაშობს
საფეხბურთო კლუბში ,,WARRIORS" სპორტულ თერაპიას გორიდან 15 ბავშვი გადის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კლუბის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პროექტში სულ 6-დან 15 წლამდე ასაკის 49 ბავშვია ჩართული: ქ. ბათუმში 26 ბავშვი, ქ. თელავში 16 ბავშვი, ქ. რუსთავში 20 ბავშვი და ქ. გორში 15 ბავშვი.

,,ჩვენი მიზანია განვავითაროთ ბავშვთა სპორტული და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ბავშვები დაეუფლონ მიზანდასახულობას, ბრძოლისუნარიანობას, გუნდურ მუშაობას და შეიძინონ ახალი შეტყობინებები, რათა მათი ცხოვრება გახდეს უფრო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი." - აღნიშნავენ კლუბის წარმომადგენლები.

საფეხბურთო კლუბი „ვორიორსი“ შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 6-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის 2016 წლის 21 მარტს საქართველოში პირველად დაარსდა, რომელმაც მოზარდებთან ერთად შექმნა მათზე მორგებული სავარჯიშო პირობები, რაც აისახება ბავშვთა სპორტულ განვითარებაზე, კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, ფიზიკურ გაჯანსაებაზე და ხელს უწყობს მათ სრულ ინტერგრაციას სოციალურ გარემოში.

კლუბში ბავშვებთან მუშაობენ სერთიფიცირებული მწვრთნელები, ფსიქოლოგები, ექიმები, კვირაში ორჯერ ტარდება ფიზიკური სახის სხვადასხვა ვარჯიშები მათ მიერ შემუშავებული მეთოდებით. მოქმედებს კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ითვალისწინებს კომპიუტერის სწავლებას, სახვით ხელოვნებას, ხატვას, ჭრა-კერვას, ქარგვას, ძერწვის შესწავლას.

ორგანიზაციის ვებსაიტი http://warriors.gweb და ფეისბუკის გვერდი „საფეხბურთო კლუბი „WARRIORS“ შექმნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სადაც ასახულია ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაიბა, ისტორია, ვარჯიშები, მიღწევები.

პროექტმა დაიმსახურა სპეციალური ჯილდო „2016 წლის საუკეთესო სოციალური პროექტისათვის“.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები