ახალი ამბები
10 თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის და მოპოვების 2 250 ფაქტი გამოვლინდა
2017 წლის 1 იანვრიდან 30 ოქტომბრამდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 2 250 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

,,მხოლოდ აგვისტოს თვეში, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და სტიქიასთან ბრძოლაში ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსი იყო ჩართული, ბრაკონიერები ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას მაინც აგრძელებდნენ." - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 126, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი - 124 ფაქტი. ამავე პერიოდში, ამოღებულ იქნა უკანონოდ მოქმედი, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი 187 ერთეული სახერხი დანადგარი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობამ 10 689, 9 მ3 შეადგინა.

გარემოსდაცვის თანამშრომლებმა 10 თვის მანძილზე უკანონო ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 208 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 198 - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და 10 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები