ფოტოზე: ნაზო ტერაშვილი,
გენადი ბესტაევის სიდედრი
ბავშვებმა სკოლა ცხინვალში დაამთავრეს. უფროსი, ვაჟი სამხედრო
სამსახურში გაიწვიეს, ქალიშვილი კი ცხინვალის უმაღლეს სასწავლებელში
სწავლობს.
,,რომ გამოვიდა, ჯერ ჩემთან მოვიდა სიძე. არ შემოვუშვი სახლში.
მკვლელი ხარ-მეთქი და გავაგდე. მერე გადასულა ცხინვალში ცოლთან. ერთი
თვე უცხოვრია, მაგრამ ვერ გაძლო, ისევ გადმოვიდა ზარდიანთკარში.
მეზობელ სოფელ მერეთში და ჰყავს გათხოვილი. იქაც არ ჩერდება. იპარება
თავის სახლშიო. ახლა გავიგე, რომ ისევ დაუკავებიათ. რას იზამენ, არ
ვიცი... გამოვა ჩემი შვილიშვილი ჯარიდან და ალბათ მერე გადაწყვეტენ.“
- ამბობს ნაზო ტერაშვილი.
გენადის შვილებს კარგად იცნობს მოხუცებული კიაზო გობოზოვიც. ამბობს,
რომ მამა-პაპისეულ სახლში ისინი ხშირად მიდიან.
,,ძალიან კარგი შვილები ჰყავს გენადის. ბიჭი მოდის ხოლმე აქ,
სამხედროშია. გოგო უკვე სწავლობს. სულ აფრთხილებდნენ და მეც
ვეუბნებოდი, ნუ გადახვალ იქით, ნუ გადახვალ-მეთქი, მაგრამ არ გაიგონა.
სამჯერ გადავიდა ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად“, - ამბობს კიაზო
გობოზოვი.
,,როგორც ჩანს, დალია და გადავიდა. წინა შემთხვევაზე ვიცი, რომ
ცხინვალში დააკავეს, ახლა არ ვიცი, სად დააკავეს. შეიძლება მანდვე,
ხელჩუაში. ძალიან მეცოდება. მარტო ცხოვრობს მაგ სახლში „- გვითხრა
ზარდიანთკარელმა თინა ტერაშვილმა.
ფოტოზე: თინა გუდაძე,
გენადი ბესტაევის და
გენადი ბესტაევის და, თინა გუდაძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. ამბობს,
რომ მისი ძმის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ცხინვალის
ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას არ აძლევენ, ზარდიანთკარში კი სრულიად
მარტოა, ყურადღების გარეშე.
,,ხომ ნახეთ სახლი? ზედ საზღვარზეა. მეც არ მიშვებენ მაგ სახლში.
სახიფათოა მიახლოებაც კი. ჩემი ძმა მანდ ცხოვრობს, ზოგჯერ საკვების
მიწოდებაც ხომ უნდა?. ღობის იქით, რომ დაბალი სახლია, იქ რუსის
სამხედროები არიან. სამადლოდ გადმოუგდებენ ხოლმე საკვებს, მაგრამ
როდემდე უნდა იყოს ასე გასაცოდავებული,“ - ამბობს თინა გუდაძე.
გენადის დამ არც ის იცის, რა ბედი ეწევა ძმას მესამედ დაკავების
შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს,
რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის
გასათავისუფლებლად. კახა ქემოკლიძე იქვე განმარტავს, რომ გენადი
ბესტაევი საქართველოს მოქალაქეა და დე-ფაქტო რესპუბლიკაში ცხოვრების
უფლებით არ სარგებლობს, - „,ის არის უკანონო პატიმარი, რომელიც
დაკავებული ჰყავს დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას. საქართველოს
ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ ე.წ.
საზღვარს, რომლის გადაკვეთის ბრალდებითაც შეუფარდეს წინასწარი
პატიმრობა“
ცხინვალის მედიისთვის გენადი ბესტაევის დაკავების ფაქტი 1 ნოემბერს
გახდა ცნობილი. დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრეს-სამსახურის ცნობით, გენადი ბესტაევი მანამდე ორჯერ,
აგვისტო-სექტემბერში დააკავეს.
,,პროკურატურამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა და გადაუგზავნა
სასამართლოს პატიმრობის შესაფარდებლად“, - აცხადებენ ცხინვალში, სადაც
ბესტაევის საქმის სასამართლო განხილვა ორი თვეში უნდა დაიწყოს, მას
შემდეგ რაც წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურება.
გამყოფი ხაზის გადაკვეთისას პირველად დაკავების დროს საქართველოს
მოქალაქეები 2000 რუბლით ჯარიმდებიან, მეორედ დაკავებისას, ეს ჯარიმა
ორმაგდება, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეს დე-ფაქტო ხელისუფლება
მესამედაც დააკავებს, მაშინ მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი 2017 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის
სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. იგი დე-ფაქტო
რესპუბლიკისა უშიშროების კომიტეტს გადასცეს. გენადი ბესტაევის
სასამართლო 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება
ვიდეო:
სტატიის გამოყენების პირობები