ახალი ამბები
,,სხვილოელნი" მოცეკვავეები ქართულ და ოსურ სოფლებიდან
ქვემო ჭალის, პანტიანის, გამდლისწყაროს, სამთავისის, საკორინთლოსა და, მათ შორის, იგოეთის მოსწავლეებს ანსამბლი ,,სხვილოელნი" აერთიანებს. ცენტრი ქვემო ჭალის მოძველებულ კულტურის სახლშია განთავსებული. აქ ბავშვები მეზობელი სოფლებიდან ფეხით დადიან და ქართულ, ოსურ, აჭარულ, ხევსურულ, მთიულურ და სხვ. ცეკვებს ერთად სწავლობენ.

ხუთივე სოფელს სხვილოს ციხე დაჰყურებს. ამიტომ პედაგოგმა ნინო პავლიაშვილმა მრავაწლიან ანსამბლს და განახლებულ გუნდს ისტორიული სახელი დაუტოვა და ორი წლის წინ მას ,,სხვილოელნი" დაარქვა.

სხვილოელები საქართველოს მასშტაბით გამართულ კონცერტებზე იღებენ მონაწილეობას. კასპში გამართულ კულტურული ღონისძიებების მუდმივი სტუმრები არიან.

ანსამბლში ყველაზე მეტი მოსწავლე ქვემო ჭალიდან და სამთავისიდან არიან. მთის ფერდობებზე შეფენილი ოსური სოფლებიდან კი, მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, 2-3 ბავშვი დადის. 3-5 კმ მანძილის ფეხით გავლის შემდეგ, მოსწავლეებს შეშის ღუმლით გამთბარი სავარჯიშო დარბაზი ხვდებათ, თუმცა მოსწავლეებს, მშობლებისგან განსახვავებით, ხალხური ცეკვების შესასწავლად სიცივე ხელს არ უშლის.


Print

სტატიის გამოყენების პირობები