ფონდ ,,ნატახტარის" მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებისთვის ახალი პროგრამა იწყება
12:54 / 10.11.2017
ფონდი ,,ნატახტარისა" და ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის"
წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში ახალი პროგრამის პრეზენტაციას
მართავენ. პროგრამის შემუშავების პროცესში ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების, ჯანდაცვის, რეგიონალური განვითარების
სამინისტროებისა და მთვრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან
ჩართულები.
,,პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისაგან შედგება, რომელიც
მუნიციპალიტეტებისათვის, მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა
დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს" - აღნიშნავს ნინო
სურმავა, ფონდ ,,ნატახტარის" წარმომადგენელი.
ახალი პროგრამის სახელწოდებაა ,,ზრუნვის სისტემაში აღზრდილი
ახალგაზრდების დახმარების სახელმწიფო პროგრამა", რომლის ბენეფიციარები
არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგსტირებული, სახელმწიფო ზრუნვის
სისტემიდან, კერძოდ, კი მინდობით აღზრდიდან და მცირე საოჯახო
სახლებიდან, სრულწლოვანობის მიღწევის გამო, ამორიცხული ახალგაზრდები,
რომელთაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში სულ მცირე 2 წელი გატარეს.
პროგრამის მიზანია ასეთი სრულწლოვანი ახალგაზრდების დამოუკიდებელი
ცხოვრების ხელშეწყობა და მათი უფლებების დაცვა.
ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამა ითვალისწინებს
საცხოვრებლით უზრუნველყოფას, პროფესიული და უმაღლესი განათლების
მიღების მხარდაჭერას და სხვა საჭირობებს, როგორიცაა ტრანსპორტით
შეღავათიანი მგზავრობის უზრუნველყოფა და კომუნალური გადასახადების
დაფარვა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური
საჭიროების შესაბამისად, პერსნალური ასისტენტის სერვისის
დაფინანსება.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით
ჩიხრაძე ამბობს, რომ ამ პროგრამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი
აუცილებლად ჩაერთვება და შესაბამისი მემორანდუმიც გაფორმდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს მუშაკი აცხადებს, რომ
მეექვსე წელია ფონდ ,,ნატახტართან ერთად, ხორციელდება პროგრამა,
,,იზრუნე მომავალზე".
,,ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფონდთან. მაგალითად, 15 წლის ასაკის
ბავშვებს ფონდის წარმომადგენლები ხვდებიან, ეცნობიან მათ
პროფ-ორიენტაციას. საჭიროების შემთხვევაში უფინანსებენ რეპეტიტორების
ხარჯს. ჩემ შემთხვევაში, უკვე ხუთი ზრდასრული ბავშვი სწავლობს უმაღლეს
სასწავლებელში. ამჯერად, ახალი პროგრამა გათვალისწინებულია, სწორედ,
18-წლის ზევით ასაკის მქონე ახალგაზრდებისთვის" - აცხადებს სოციალური
მუშაკი.
ახალი პროგრამის შემუშავებაში ჩართულებიან არიან ასევე ,,ჩვენი
სახლი - საქართველოს" წარმომადგენლებიც.
პროგრამის განსახორციელებლად კომპანია ,,ნატახტარი" თანხის შეგროვების
მეექვსე ეტაპს იწყებს, რომლის მიხედვით, ყოველი გაყიდული ლიმონათის
ბოთლიდან, თანხის გარკვეული ნაწილი ფონდის ანგარიშზე ირიცხება.
ფონდი ,,ნატახტარი" განსაკუთრებით საოჯახო ტიპის სახლებში მყოფ
ბავშვებს ეხმარება, რომლებიც მშობლების ზრუნვას არიან მოკლებულები.
ასეთი ტიპის სახლებში ბავშვები, ძირითადად, ზრდასრულ ასაკამდე
რჩებიან. შესაბამისად, ახალი პროგრამა დახმარებას, სწორედ, იმ
ბავშვებისთვის გულისხმობს, რომლებიც სახელმწიფო დახმარების სისტემიდან
გადიან (18-წლის ზევით, 24 წლამდე) და კვლავაც დახმარება
ჭირდებათ.
სტატიის გამოყენების პირობები