ახალი ამბები
სოფელ დამპალეთის სკოლაში სამი მოსწავლე და 6 მასწავლებელია
ცხინვალის რაიონის სოფელ დამპალეთში სამი მოსწავლე, თანაც და-ძმანი ცხოვრობენ. სკოლაში, სადაც ისინი დადიან, 6 მასწავლებელი მუშაობს, ამათგან, ისტორიის მასწავლებელი თეიმურაზ ყოჩიევი მოსწავლეების მამაა. ის ისტორიას და ფიზკულტურას ასწავლის.

დიდი ლიახვის ხეობის ამ სოფლიდან რეპორტაჟი ადგილობრივმა ჟურნალისტმა, იანა გაბარაევმა მოამზადა. სოფელი, ცხინვალიდან, 10 კმ მანძილზე მდებარეობს. მას კეხვი, აჩაბეთი და ქურთა ემიჯნება, რომელიც ამჟამად ეთნიკური ქართველებისგან დაცლილია, ხოლო საცხოვრებელი სახლები - დანგრეული.

ჟურნალისტი წერს, რომ გზა საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა ბუნება ლამაზია. მთიან სოფელში მიმოსვლა ჭირს. ტრანსპორტი ცუდ ამინდში საერთოდ არ დადის. ზოგჯერ, სოფლამდე პურიც ვერ მიაქვთ. დასახლებული პუნქტი ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

,,გარშემო ბევრი გარეული ცხოველია. მელია შინაურ ფრინველს ანადგურებს, ადგილობრივი ყვებიან, რომ მგელი სახლებშიც კი, შესულა" - წერს ჟურნალისტი.

სკოლის დირექტორი მარგარიტა მარღიევი ამბობს, რომ პრობლემა გარეულ ცხოველებში არაა: ,,პრობლემა იმ საცხოვრებელ პირობებშია, რომელიც აქ არსებობს.' - ამბობს სკოლის დირექტორი. მისი განცხადებით, სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აქვს, თუმცა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ წყლის სისტემა სოფელში 2012 წელს მოწესრიგდა.

,,ცოტა ხნის წინ, მელია საცხოვრებელი სახლის საქათმეში შევიდა და 20 ცალი გაანადგურა'' - ყვება თეიმურაზ ყოჩიევი. ის რამდენიმე წლის წინანდელ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მგელი საცხოვრებელ სახლში შევიდა და ოჯახის წევრი დაგლიჯა, ასევე, სკოლის გზაზე მიმავალ მოსწავლესაც დაესხა თავს და საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.





 

Print

სტატიის გამოყენების პირობები