8-20 ნოემბერს, მოსკოვში, წმ. ტიხონის სახელობის ჰუმანიტარულ
უნივერსიტეტში, საიუბილეო თარიღი - უნივერსიტეტის დაარსებიდან 25
წლისთავი აღინიშნა.
გორისა და ატენის ეპარქიის ცნობით, საიუბილეო დღეების აღსანიშნავად და
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, წელს,
უნივერსიტეტში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი, გორისა
და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი
სტეფანე იმყოფებოდნენ.
19 ნოემბერს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა, უნივერსიტეტში
მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად, აღასრულეს საღმრთო ლიტურგია,
რომელსაც ესწრებოდნენ სტუმარი სასულიერო პირები, სტუდენტები,
მრევლი.
19 ნოემბერს გაიმართა საზეიმო საღამო, სადაც წმ. ტიხონის ჰუმანიტარული
უნივერსიტეტის სტუმრებმა წაიკითხეს სხვადასხვა საეკლესიო და საერო
მოღვაწეთა ოფიციალური მისალოცი-მიმართვები. 20 ნოემბერს კი, გაიმართა
სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებები წაიკითხეს მეუფე
ნიკოლოზმა, მეუფე ანდრიამ და მეუფე სტეფანემ.
,,დღეს წმ. ტიხონის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი არის რუსეთში ერთერთი
წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს
საღვთისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების მაღალი აკადემიური ხარისხით
სწავლება. უნივერსიტეტის ყველა სასწავლო პროგრამა აკრედიტირებულია და
მის ბაზაზეა შექმნილი პროგრამები რუსეთის ყველა სასწავლო
დაწესებულებისათვის საღვთისმეტყველო საგნებში." - აღნიშნავენ გორის
ეპარქიაში.
წმ. ტიხონის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მოქმედებს სამეცნიერო ხარისხის
სამივე საფეხურის მინიჭების პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო,
სადოქტორო.
,,სხვადასხვა დროს, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც. დღესაც უნივერსიტეტში
მოღვაწეობენ და სწავლობენ ჩვენი თანამემამულეები."- წერია გორისა და
ატენის ეპარქიის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები