საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი შიდა ქართლში მონიტორინგის სამმართველოს ხელმძღვანელობდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, თეიმურაზ კუპატაძე
დანიშნა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი
ხელმძღვანელი - თეიმურაზ კუპატაძე, ღირსეული ადამიანი, რომელიც თქვენი
რიგებიდან არის. დარწმუნებული ვარ, იგი, თქვენთან ერთად, ღირსეულად
გაართმევს თავს იმ მიზნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ჩვენ
წინაშე დგას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეიმურაზ კუპატაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას საპატრულო
პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, იგი
იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო
სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური,
შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის
სამმართველოს უფროსი, კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქვემო
ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი,
მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო
კონტროლის განყოფილების უფროსი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი,
მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2017 წლის აგვისტოდან
თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და ქალაქ თბილისის მთავარი
სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სტატიის გამოყენების პირობები