ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, მარტოხელა და მრავალშვილიან მშობლებს გორის მერიაში დახმარებას მისცემენ
გორის მერია დედ-მამით ობოლი ან მშობლების უფლებაშეზღუდული ბავშვების, მარტოხელა მშობლისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, 2018 წლიდან, ერთჯერად დახმარებებს გასცემს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიდან საკრებულოდან აცნობეს. 24 ნოემბერს დამტკიცებულ დადგენილებაში, რომელიც სოციალური დახმარების გაცემის წესს ეხება, ასეთი კატეგორიის ოჯახების ჩანაწერები გაჩნდა.

უფრო კონკრეტულად, დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. ხოლო პაციენტის შემთხვევაში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდულ შვილებს, მათ ფულადი დახმარება ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, გაეწევა.

მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში ფულადი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ოთხი და მეტ შვილიანი ოჯახების დახმარების დროს, ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე.

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები კი, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შეფასების შედეგად, მინიჭებული აქვთ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, სადღესასწაულო დღესთან, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან (მარიამობა 28 აგვისტო) დაკავშირებით დამატებით, ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 100 (ასი) ლარის ოდენობით.

მარტოხელა მშობლის დახმარება წელიწადში 100 (ასი) ლარით განისაზღვრა. ამ დახმარებას მიიღებს სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი, რომელსაც მინიჭებული აქვს 0-და70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. ასევე, - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელი.

მარტოხელა სტატუსის მქონედ ითვლება მშობელი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ; პირი, რომელსაც ჰყავს შვილადაყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი.

შენიშვნა: ეს დახმარება არ ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები