ახალი ამბები
გორში პოლონეთის მთავრობის დახმარებით იოზეფ პილსუდკის სახელობის სკვერი გაიხსნა
6 დეკემბერს, წმინდაწყლის დასახლებაში (ტყვიავისა ქუჩა #10-ის მიმდებარედ) სკვერი საზეიმო ვითრებაში გაიხსნა.

ცერემონიას პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, შიდა ქართლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკვერის მშენებლობის სამუშაოები პოლონეთის მხარემ დააფინანსა. 2016 წელს ადგილობრივ თვითმმართველობას გრანტის მოძიებაში პოლონეთის ქალაქ კარტუზის მუნიციპალიტეტი დაეხმარა.

სკვერის სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 95 984 ლარი შეადგინა. პროექტის მიხედვით დამონტაჟდა განათება, მოეწყო მწვანე საფარი, განთავსდა სკამები, სავალი ნაწილი მოპირკეთდა ბეტონის დეკორატიული ფილებით.

პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე იოზეფ პილსუდსკი 1918-1922 წლებში პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაური იყო. 1921 წელს პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლისა და ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მაშინ პოლონეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს შესთავაზა პოლონეთში დამკვიდრებულიყვნენ. ვარშავის ქართულ ემიგრაციას პილსუდსკი სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად ეხმარებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები