ახალი ამბები
ვინ დაარიგა წიწაკა? - კარალეთის დევნილთა დასახლების წარმომადგენელი ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივის
დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, კახა მაისურაძე ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დღეს განუცხადა.

მისი თქმით, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ბულგარული წიწაკების დარიგების ფაქტის ირგვლივ, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს, რადგან ფაქტი ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებს არასწორად დაუკავშირეს.

,,ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. თქვენს მიერ გადაცემული ინფორმაცია სხვებმა არასწორად გამოიყენეს, მაგალითად, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა", რომელსაც ავუხსენი, რომ ამ წიწაკასთან ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, მაინც ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს. ასე აწყობდათ. ამ ფაქტს ასე არ დავტოვებ. უნდა ვუჩივლოთ ქარტიაში" - აცხადებს კახა მაისურაძე.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დევნილთა დასახლებაში საჩუქრად ბულგარული წიწაკა დაარიგეს. იქვე გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია იყო მითითებული, რომლის მიხედვით, ამ აქციის უკან კერძო კომპანია, სასათბურე მეურნეობა იდგა. რაც შეეხება ტელეკომპანია ,,თრიალეთის" გადაცემულ ინფორმაციას, სიუჟეტის ტექსტის მიხედვით, აქცენტი ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებზე გაკეთდა. 

,,ადგილობრივმა მოსახლეობამ კი, ეს ფაქტი ხელისუფლებას დაუკავშირა, რადგან სატვირთო ავტომანქანით წიწაკა, დასარიგებლად, ჩემ სახლში დაცალეს. ჩემთან იმიტომ დაცალეს, რომ გასანაწილებლად ადვილად მისადგომია, თანაც, სხვა დროს, ფქვილი და ზეთი, ყოველთვის ამ ადგილიდან გაიცემა. სწორედ, ამიტომ დააკავშირა ხალხმა გამგეობას, ჩემი აზრით." - აცხადებს კახა მაისურაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები