ახალი ამბები
ყორანქედის მონასტრამდე მისასვლელი გზის გასაკეთებლად ხაშურის მერია პროექტს ამზადებს
ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ფიქრობენ, რომ დაახლოებით 1 მლნ ლარი დაჯდება სოფელ ხცისთან, ყორანქედის მონასტრამდე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას.

ამის თაობაზე, პროექტის შესადგენად, მერიამ ტენდერი 19 დეკემბერს გამოაცხადა. ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის მონაცემებით, შესაბამისი პროექტი თებერვლისთვის უკვე მზად იქნება.

პროექტის გამზადების შემდეგ გადაწყდება, კონკრეტულად რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდება. საკუთრივ პროექტი 18 ათას ლარამდე დაჯდება.

ყორანქედზე მე-11 საუკუნის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს, რომელიც ხცისიდან დაახლოებით 1,5 კმ მანძილზეა დაშორებული და ამჟამად მამათა მონასტერია.

საისტორიო ძეგლების აღწერილობის მიხედვით, ტაძრის აშენება ბაგრატ III-ის მეფობის დროს, დაიწყო რასაც ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა ადასტურებს. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს:

"სახელითა ღმრთისაითა, მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმინდასა და ამას ეკლესიასა საყოფელსა წმინდაისა ნათლისმცემლისასა სალოცავად. ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩუენისადა სახსრად ცოდვილისა და მამათა ჩემთათვის, ქორონიკონი იყო ს კ ბ".

ყორანქედის სახელწოდება ხალხურია, რადგან მთის ქედზე, გადმოცემის მიხედვით, ბევრი ყორანი ბუდობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები