ახალი ამბები
სასამართლომ ქარელის გამგებელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

 

მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების უზრუნველყოფის წინადადებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა გულიაშვილს მიმართა. კერძოდ, სახალხო დამცველი გენდერული თანასწორობის საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისათვის ტრენინგების დაგეგმვასა და ჩატარებას ითხოვდა. სახალხო დამცველის აპარატმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩართულიყო საკითხის განხორციელების პროცესში. 

 

სახალხო დამცველის ინიციატივა გამოიწვია ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომაზე გაჟღერებულმა განცხადებამ: „მინისტრის ბრძანებაა, რომ სოფლების ამბულატორიებში გასათხოვარი ექიმების მიღებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ისინი გადამზადების შემდეგ თხოვდებიან და სამსახურს ტოვებენ“.  აღნიშნული სხდომა გაშუქდა ვებ-გვერდზე WWW.QARTLI.GE


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავად ეს განცხადება და სხვა ფრაზები, რომლითაც სხდომაზე საუბრობდნენ, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია დასაოჯახებელი სტატუსის მქონე დასაქმების მსურველთათვის.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია წინადადების განხილვის შედეგების თაობაზე. შესაბამისად, 2014 წლის 1 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაეგზავნა.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

 

ამასთან,  სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები.

 

რეკომენდაციების, წინადადებების განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცის მიუწოდებლობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად საქართველოს სახალხო დამცველმა აქტიურად დაიწყო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გამოყენება და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მიმართავს სასამართლოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტების დადგენის და სამართალდამრღვევების წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების მიზნით. 

 

იხ. იმ სხდომის ჩანაწერი, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლოში წარადგინა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები