ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიის "მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს "ნატახტარსა" და "ზედაზენს" ეწვია, რომელშიც "ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი.

მან ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა "ზედაზენის" ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. პრეზიდენტი ლუდის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

"ზედაზენში" კომპანია "ბარამბომ" პრეზიდენტს საახალწლო ხაზის პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდი წარუდგინა.

"დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია "მოითხოვე ქართული". ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ "ზედაზენი", "ბარამბო", "ნატახტარი". ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გორში კი, კულტურისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა საახალწლოდ ბავშვებისთვის რუსული პროდუქცია შეიძინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები