ახალი ამბები
თამარ მეარაყაშვილის შინაპატიმრობიდან 4 თვე გავიდა
ახალგორის რაიონში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. ოთხი თვეა, განსაკუთრებული შეზღუდვების გამო, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია. ამას ფინანსური კრიზისიც ემატება, რადგან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან სასამართლო დავას იანვრიდან ვერღა გააგრძელებს.

,, 4 თვეზე მეტია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ტყვე ვარ, ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ ყველაფერი შეზღუდული მაქვს. არ შემიძლია თავიუფალი გადაადგილება, ჩამორთმეული მაქვს და დღემდე არ დაუბრუნებიათ ჩხრეკისას ამოღებული არც ერთი ნივთი. მთელი ეს პერიოდი ოჯახის, მეგობრების და კეთილი ადმიანების დახმარებით ვცხოვრობ. ვისი განცხადების საფუძველზეც ვარ ამ დღეში, ისინი თავისულად გადაადგილდებიან თბილისში და, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ქალაქებში. მთელი ეს პერიოდი, როგორც მანამდე, ვიხდი სხვადასხვა საბანკო ვალდებულებებს, ბინის ქირას თბილისში ქალიშვილისათვის, ყოველთვიურად სწვლის გადასახადს, ვყიდულობ მედიკამენტებს, დავდივარ საკუთარი ხარჯით სასამართლო პროცესებზე... დავიღალე. ძალიან დავიღალე და არაფრის ძალა არ მაქვს. დაიბლოკა ჩემი ქალიშვილის სტუდენტის ბარათი და უნივერსიტეტში ვეღარ წავა, როგორც მე ვეღარ წავალ იანვრიდან სასამართლო პროცესზე. არასოდეს მიწუწუნია და არც ახლა დავწერდი, რომ შემეძლოს თავისუფლად გადაადგილება უწინდებურად.“ - წერს თამარ მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, ცილისწამების მუხლით, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ცხინვალის პროკურატურის ვერსიით, მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრის, სპარტაკ დრიაევის პატივი და ღირსება შელახა. მეარაყიშვილის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი წაიღეს. ამ ყველაფერს სამოქალაქო აქტივისტი დაშინების მცდელობად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილი რაიონში არსებული უკანონობის გამო ხშირად აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას და საუბრობს კორუფციულ ფაქტებზე. მას არაერთხელ მოუწოდეს რომ შეეწყვიტა ურთიერთობა რადიო თავისუფლებასთან. ახალგორში გამოძიება გრძელდება, ადამიანის უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ მეარაყიშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები