ახალი ამბები
ხურვალეთში ლალი ხაჩირაშვილის დასაკავებლად სამხედრო პირი ბალახებში იყო ჩასაფრებული
ლალი ხაჩირაშვილი დღეს სამსახურში დაბრუნდა, ის მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს და ჩვენი სტუმრობის დროს მოხუცებისთვის სადილს ამზადებდა.

ამბობს, რომ ორი დღის წინ, დაკავებისას ძალიან შეეშინდა. ვერც კი, წარმოიდგენდა, რომ საკუთარ ნაკვეთში ჩასაფრებულ სამხედროს წააწყდებოდა.

,,ჩვენი სახლი და ეზო მავთულხლართებან ძალიან ახლოსაა. იმ დღით სამსახურში არ ვმუშაობდი და სახლის საქმეებს ვაკეთებდი. საქონელს ვუვლიდი. დავინახე, რომ ვიღაც გაუნძრევლად იწვა, მეგონა ადამიანი ცუდად იყო და დახმარება ჭირდებოდა. თურმე, ჩასაფრებული ყოფილა," - აცხადებს ლალი ხაჩირაშვილი.

მიახლოებისას სამხედრო მოსამსახურე ბალახებიდან მოულოდნელად წამოდგა და უთხრა, რომ მესაზღვრეს წარმოადგენდა. ლალი ხაჩირაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ამბობს, რომ ცხინვალში მის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება გამოიჩინეს და საჭირო პროცედურებიც სწრაფად ჩაატარეს.

,,მიუხედავად ამისა, იმ ადგილს შიშით ალბათ აღარც მივუახლოვდები," - აცხადებს ლალი ხაჩირაშვილი.

ხურვალეთში მცხოვრები ლალი ხაჩირაშვილი 20 დეკემბერს დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ, ჯარიმის გადახდის შემდეგ, 21 დეკემბერს გაათავისუფლა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დახმარებით, დაკავებული საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს.

უკვე რამდენიმე დღეა, ხურვალეთში რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები, მავთულხლართების სიახლოვეს, შემოვლას სისტემატიურად ახორციელებენ. ღამის საათებში ისინი ანთებული ფარებითაც კი, მოძრაობენ.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლეობა გამყოფ ხაზთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს. დაშორება 10-20 მ-საც კი, არ აღწევს. ღობეებთან მცხოვრებ მოსახლეობას რუსი სამხედროები აფრთხილებენ, რომ მავთულხლართებს 15 მ მანძილზეც კი არ უნდა მიუახლოვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები