ახალი ამბები
ინგლისური ენის პედაგოგებმა მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრები მიუტანეს
საკუთარი ხელით ნაქსოვი ქუდები პედაგოგმა მაია ბოლაშვილმა მოხუცებს პირადად მიუტანა. დღეს ის ხურვალეთის თავშესაფარს, ინგლისური ენის სპეციალისტების სახელით, ესტუმრა. პედაგოგებმა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების დასაფარად თანხაც კი შეაგროვეს.

,,დაახლოებით 500 ლარი შევაგროვეთ და გადავწყვიტეთ, საჩუქრების ნაცვლად, ამ ეტაპზე, უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაგვეკეთებინა თავშესაფრისთვის. დიდი წვლილი ჩვენს კოლეგას, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მიუძღვის“ - ამბობს მაია ბოლაშვილი. შეგროვებული თანხა გახარჯული ბუნებრივი აირის გადასახდელად გამოიყენეს.

საახალწლოდ ,,სახლი საზღვრების გარეშე" საუკეთესო განწყობით ხვდება. ეზოში ნაძვის ხეც მორთეს, რომელიც რუსუდან ცხომელიძემ თბილისიდან გაუგზავნა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე" 2016 წელს გაიხსნა. სოციალურ საწარმო ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი).

აღნიშნული ცენტრი გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა. სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა.

მან ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები