ახალი ამბები
ბეთლემი გორის რაიონში - დომინიკე მუღაშაშვილის დაარსებული სოფელი


გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალხიზა კათოლიკეებმა დაარსეს. 1907 წელს ამ ადგილზე 13 ოჯახი დასახლდა. ისინი სამცხე-ჯავახეთიდან, ხიზაბავრადან მოვიდნენ. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა. ახალმოსახლეებმა სოფელს ბეთლემი დაარქვეს, თუმცა, კომუნისტების პერიოდში ამ სახელის გამოყენება აუკრძალეს, რის გამოც, იძულებული გახდნენ ახალხიზა დაერქმიათ.

ახალხიზაში დღესაც ცხოვრობენ დომენიკ პაწაძე-მუღაშაშვილისა და იმ სხვა ოჯახების შთამომავლები, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში, სამცხე-ჯავახეთიდან ოსმალეთის იმპერიის წნეხს გამოექცნენ.

პადრე დომენიკემ, ეკლესიის თანხით, შალიკაშვილების მიერ სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული მიწა შეისყიდა. წინამძღვარი 1911 წელს მოკლეს. მეფის რუსეთის დროს დაქირავებული ყაჩაღები სახლში შეუვარდნენ და ხანჯლით გამოასალმეს სიცოცხლეს. ჟანდარმერიამ ყაჩაღებს მიაგნო, პადრე კი, გორის ,,ფრანგების ეკლესიაში“ დაკრძალეს. ეს ეკლესია, ამჟამად, ღვთისშობლის მიძინების სახელობისაა და გორის ეპარქიის მთავარი ტაძარია.

პადრეს ცოლ-შვილი არ დარჩა, თუმცა ამჟამად ძმის შთამომავლები ცხოვრობენ, რომლებიც მუღაზაშვილებად არიან რეგისტრირებულები. მათ, დღეს, 25 დეკემბერს, შობა აღნიშნეს. სახლში მეზობლები და ახლობლები შეიკრიბნენ.



პადრე დომინიკე


უცნობია დომინიკეს დაბადების თარიღი. მან 1890 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან, ხარისჭარაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია.

წყაროების მიხედვით, ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას თბილისში, გორში. იბრძოდა მესხეთის ქართველ კათოლიკეთა ეროვნულობის შესანარჩუნებლად. თბილისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ქართველ კათოლიკეთა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". არის ავტორი ნაშრომისა "შემოკლებული საღმთო ისტორია კათოლიკეთათვის დომინიკე მუღაშაშვილის მიერ"(ტფ., 1904).

ისტორიული წყაროების მიხედვით, დომინიკე მუღაშაშვილის წინაპრები პაწაძეების გვარს ატარებდნენ და ცხოვრობდნენ ახალციხეში, რაბათის მიდამოებში. XVII საუკუნეში თურქეთის მხრიდან დევნის გამო სოფელ ხიზაბავრაში დამკვიდრდნენ. გადარჩენის მიზნით, გვართან ერთად სარწმუნოებაც გამოიცვალეს და კათოლიკობა მიიღეს.


ბეთლემის პირველი წლები



ახალხიზაში ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და ა.შ. მურადაშვილების ოჯახის რძალია ანა ავანაშვილი, რომელიც ახალხიზას საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.

,,ჩემი მეუღლის ბებიას ქამალს უწოდებდნენ, იმიტომ, რომ ქამალ ფაშას მოსწონებია. უნდოდათ მისი მოტაცება. ამ ქალს ერთ-ერთი თურქი ჯარისკაცი მოუკლავს და შემდეგ იმ ჯარისკაცის სამოსით დადიოდა. მოულოდნელად შეიტყო, რომ ფაშას ხალხს ქართველი ახალგაზრდა ბიჭები უნდა დაეპატრებინა და წაეყვანათ, არ ვიცი, მოსაკლავად თუ რა, მაგრამ ამ ქალმა ეს ამბავი ყველას გააგებინა. მათ შორის, თავის შეყვარებულს, ანუ ჩემი ქმრის პაპას. ეს 14 ახალგაზრდა ტყეში გაიქცა და ორი კვირის განმავლობაში მთებს აფარებდნენ თავს. ცეცხლსაც კი არ ანთებდნენ,“ - ყვება ანა ავანაშვილი.

ამბობს, რომ ყველა ოჯახს მძიმე ისტორია გადახდა. ხშირად წყაროზე ოსმალეთის იმპერიის მოლაშქრეების მიერ დაღუპულ ახალგაზრდებს აწყდებოდნენ. გარდა ამისა, იტაცებდნენ ქალებს.

,,როცა ჩემი ქმრის პაპა, ,,ქამალთან“ და სხვა ბიჭებთან ერთად, ტყეში გაიქცა, გზაზე ახალგაზრდა გოგონა ნახეს, თითქმის მომაკვდავი იყო წამებისგან. ზურგით ატარეს და გადაარჩინეს. ქამალი ცომს ნაჭერში ზელავდა, აპრტყელებდა ქვაზე და მზეზე დებდა. წარმოიდგინეთ მზეზე გამომცხვარი პური, ცეცხლსაც კი არ ანთებდნენ, რომ არავის შეემჩნიათ. შემდეგ უკვე როცა მიწყნარდა სიტუაცია, წამოვიდნენ აქეთ“ - ამბობს ანა ავანაშვილი.

ურთიერთობა ადგილობრივ თემთან




თავდაპირველად, ახალხიზას ტერიტორიაზე ჩამოსახლებულ მესხებს ადგილობრივები კარგად არ შეხვდნენ და დაპირისპირება ჰქონდათ. მეფის რუსეთის დროს, რევოლუციონერები ბეთლემიდან მათ გარეკვას ცდილობდნენ. საბა ჭონიშვილი იხსენებს, რომ გორის მაზრადან ზარბაზნებითაც კი მიადგნენ სოფელს გასანადგურებლად:

,,მამაჩემი 11 წლის იყო, როცა დომინიკე მოკლეს. მისი მოსწავლე იყო. სახლში რომ ყაჩაღები შეუცვივდნენ, ეს პატარა ბიჭი ტახტის ქვეშ შეძვრა. საერთოდ, ძალიან დიდი დაპირისპირება მოჰყვა ჩვენ ჩამოსახლეობას. გარშემო სოფლებში ფიქრობდნენ, რომ მათ მიწებს ვიტაცებდით, მაგრამ თანხა გადახდილი იყო. სახლები აშენებული და ყველანი ნაკვეთებშიც მუშაობდნენ. ერთხელ ზარბაზნებით რომ მოადგნენ ბეთლემს, დაინახეს, რომ ქალები ბაღებს იყვნენ მოდებულები. აბა ამათ როგორ უნდა ვესროლოთო და ისევ უკან გაბრუნდნენ. მიუხედავად ამისა, პადრე პაწაძე მაინც შეიწირეს,“ - ყვება საბა ჭონიშვილი.

საბა ჭონიშვილი ერთ-ერთი იმ გვარის შთამომავალია, რომელიც ამ სოფელში დამკვიდრდა. მან ის ადგილი გვაჩვენა, სადაც პირველი სახლები ააშენეს. ეს ადგილი სასაფლაოებთან ახლოსაა. 1921 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები, რომლებიც უხარისხოდ იყო აშენებული, დაინგრა. შემდეგ ბეთლემებელები ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდნენ.


ბოლშევიკების წნეხი


სოფლის ტერიტორიაზე ბეთლემელებმა სკოლა ააშენეს, საბავშვო ბაღიც და ეკლესიაც. სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა. საბა ჭონიშვილი ამბობს, რომ სწორედ მენშევიკების პროექტითაა გაშლილი სოფელი.

,,შეხედეთ სხვა სოფლებს, როგორაა გაშენებული. კომუნისტები გაიყვანდნენ ერთ ცენტრალურ გზას და მთელი სოფელი ამ გზაზეა მიბმული. ჩვენთან ასე არაა. ჩვენთან ყველა სახლს თავისი გზა აქვს. უნიკალური პროექტი გააკეთეს მენშევიკებმა,“ - აცხადებს საბა ჭონიშვილი.

ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, ეკლესია დაანგრიეს, საკლესიო ნივთები გადაყარეს. ბეთლემსაც სახელი შეუცვალეს და ახალხიზა დაარქვეს.




თანამედროვე ახალხიზა


ამჟამად, სოფელში დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს. ნაწილი მართლმადიდებლური წესით ინათლება, მოსახლეობის დაახლოებით 2-3% კვლავ კათოლიკურ წესს მისდევს, ძირითადად, ასაკიანი ხალხი.

პედაგოგი ნონა პაპიძე რამდენიმე წელია სოფლის ისტორიის შესახებ მასალებს იკვლევს, რამდენიმე პროექტი სოფლის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა. აწყობს შეხვედრებს პადრე დომინიკეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეთნოგრაფიულ მუზემთან ერთად, მონოგრაფიაც კი მოამზადა.

,,დღეს ეს ზღვარი - კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, თითქმის წაშლილია. თუკი ადრე მაგალითად იყო უარყოფითი დამოკიდებულება, ძირითადად, მეზობელ სოფლებში, ფაქტობრივად აღარ არსებობს. გამრავლდა ოჯახები. ბევრ ოჯახს რძალი მართლმადიდებელი ჰყავს. ცნობიერებაც შეცვლილია. ვინც დარჩა ტრადიციულ, კათოლიკურ რწმენაში, მათაც საკუთარი ეკლესია აქვთ. ჰყავთ თავიანთი პადრე და ლოცულობენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს.“ - ამბობს ნონა პაპიძე.

ახალხიზელები, ამჟამად, სოფლისთვის ძველი სახელის მინიჭებას ითხოვენ. წერილობითი განცხადება გასულ წელს, ჯერ კიდევ, მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც შეიტანეს. ამ დრომდე, ეს საკითხი ღიად რჩება. სოფლისთვის ძველი სახელის დაბრუნებას ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითიც ითხოვს.

პედაგოგ ანა პაპიძის თაოსნობით გამოცემულ მონოგრაფიაში იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში თავისი კვალი დატოვეს. ასეთია, მაგალითად, მიხეილ თარხნიშვილი.



მიხეილ თარხნიშვილის ისტორია

მიხეილ თარხნიშვილმა სოფელ ახალხიზას მეზობელ სოფელ სკრის სახალხო სკოლაში 1911-1913 წწ. ისწავლა. 1913 წელს კი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) გაჰყვა ქართველ კათოლიკე ბერებს, რომლებიც იქაურ ქართულ სამონასტრო სკოლაში სწავლის მსურველებს არჩევდნენ.

1917 წელს დატოვა თურქეთი და შვიდ ქართველ ახალგაზრდასთან ერთად სწავლა განაგრძო გერმანელ ბენედიქტინელთა ქალაქ ეტალის (სამხრეთ ბაიერნი, გარმიშ–პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1919 წელს მიხეილ თარხნიშვილი მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში განაგრძო სწავლა. ეს მისი ბოლო ვიზიტი იყო. იმავე წლის დეკემბერში, კვლავ თურქეთში გაემგაზავრა. 1923 წელს დაამთავრა კონსტანტინოპოლის კაპუცინების კოლეჯი. 1929 წელს ჩავიდა რომში, სადაც ჯერ ბერძნულ კოლეჯში შევიდა თავისუფალ მსმენელად, შემდეგ კი სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (1930-1933 წწ.). იქვე ლათინურ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: "თეატინელი მქადაგებლები საქართველოში მე-17 საუკუნეში" და მოიპოვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1931 წლის 6 აგვისტოს მიხეილ თარხნიშვილი აკურთხეს მღვდლად რომის მახლობლად, გროტაფერატას ბერძნულ სააბატოში. 1934 წელს მიიღო სასულიერო საზოგადოების დავალება – საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში მყოფ ქართველთაგან აღეზარდა წარმომადგენლები აღმოსავლური ეკლესიისათვის. ამ მიზნით იგი გაემგზავრა ბენედიქტელ მამებთან ჯერ პარიზში, შემდეგ კი დეგენდორფში (ბავარია). 1934-1936 წლებში ქართველ კათოლიკეთა (ემიგრანტთა შორის) სულიერი მოძღვარია ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. 1936-1942 წლებში იმყოფება ბენედიქტელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). 1943 წლიდან რომში გადავიდა და მთლიანად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულება იყო – ქართველოლოგია, ქრისტიანული აღმოსავლეთი და ბიზანტიოლოგია.

მიხეილ თარხნიშვილმა დიდი შრომა გასწია გრაცის უნივერსიტეტისა (ავსტრია) და ვატიკანის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების გამოსაქვეყნებლად. ევროპელთათვის ხელმისაწვდომი რომ გაეხადა ქართული მწერლობა, გერმანულ ენაზე გამოსცა "ქართული ლიტერატურის ისტორია" (იულიუს ასფალგის მონაწილეობით), დაწერილი კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული მწერლობის ისტორიის" I ტომის საფუძველზე.

როცა პალესტინაში საირ–ელ–ღანიმის მიდამოებში იტალიელმა არქეოლოგმა ვარჯილიო კორბომ გამოავლინა ძველი ქართული წარწერებით დამშვენებული სამონასტრო კომპლექსის ნაშთები, წარწერების შესასწავლად სწორედ მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია. მან პირველმა გაშიფრა და მეცნიერულად გაანალიზა ოთხი ქართული წარწერა, რომლებიც შესრულებული იყო მოზაიკურ იატაკზე ასომთავრულით. გაირკვა, რომ წარწერებიდან ორი უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის – ეკუთვნის V ს–ის 30-იან წლებს და ნახევარი საუკუნით უსწრებს მანამდე უძველესად ცნობილ ბოლნისის სიონის წარწერებს.

მიხეილ თარხნიშვილი 1958 წლის 15 ოქტომბერს, რომში გარდაიცვალა. დაკრძალეს ვატიკანში მოღვაწე უცხოელ მამათა საერთო აკლდამაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები