ახალი ამბები
ხურვალეთი შებინდებისას რუსეთის სამხედროების სიახლოვეს
გორის მერი კოტე თავზარაშვილი სოფელ ხურვალეთში მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა. ვიზიტის შესახებ ადგილობრივებმაც გაიგეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით შეუთვალეს, რომ ყოველ დილით, წყალი ამღვრეული მოდის. სასმელი წყლის მოწესრიგებას ითხოვს, ასევე, თავშესაფრის ხელმძღვანელიც.

ვიზიტი საღამოს საათებში დაიგეგმა. შებინდებისას სოფლის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები პატრულირებდნენ. ანთებული ფარებით, მწვანე ბანერთან სასაზღვრო ძალების მანქანაც იდგა. ყოველ საღამოს ხურვალეთელები ამ მდგომარეობაში არიან.

,,იმდენად ახლოს არიან, რომ მათი საუბრის ხმაც გვესმის. იმათ კი, - ჩვენი.“ - ამბობს სპარტაკ ფიცხელაური, რომელიც ერთი კვირის წინ მომხდარ ამბავს, ლალი ხაჩირაშვილის გატაცების ფაქტს იხსენებს.



,,10 მეტრიც არ იყო დაშორებული თავის სახლთან, ისე მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს. საკუთარი თვალით ხედავთ, რა სიტუაციაში ვართ. ძალიან ახლოს არიან ჩვენთან.“ - აცხადებს სპარტაკ ფიცხელაური.

სოფელ ხურვალეთთან წინაგარა-ორჭოსანისკენ (დე-ფაქტო რესპუბლიკის დაქვემდებარებული სოფლები) მიმავალი გზა გადის. ამ გზაზე საგუშაგოა, სადაც გამვლელ მანქანებს ამოწმებენ. ეს ყველაფერი კარგად ჩანს გამყოფ ხაზთან მდებარე ზედა ხურვალეთიდან.

,,აი, სწორედ, ჩვენ არ მოგვანიჭეს მთის სტატუსი. 800 მ-ზე ზევითაა ეს დასახლება. კი ბატონო, ქვედა ხურვალეთს თუ არ ეკუთვნის, ჩვენ რა დავაშავეთ?“ - ამბობს ფიცხელაური. ის უკვე 62 წლისაა და პენსიას იღებს. მთის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში შედარებით მაღალ პენსიას აიღებდა.

გამყოფ ხაზთან, იმ პერიოდში, რუსეთის სამხედრო ძალებს პატრულირება გაძლიერებული ჰქონდათ.



ზედა ხურვალეთში მდებარეობს მოხუცთა თავშესაფარი. ბოლო ერთი თვეა თავშესაფრისკენ მანქანების გახშირებული მოძრაობაა. ლუდმილა სალიას მიერ დაარსებულ ორგანიზაციაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუმრობენ.
,,აქ მოდიან თბილისიდან, გორიდან, გურიიდან, აჭარიდან..მთელი საქართველოდან,“ - უთხრა ლუდმილა სალიამ გორის მერს. ის დიდი ხანია აპირებდა მერთან შეხვედარს. კოტე თავზარაშვილი ისე ესტუმრა თავშესაფარს, რომ არც კი გაუფრთხილებია წინასწარ:

,,კარგი გამონათქვამია, როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან. ასე მომივიდა მეც.“ - უთხრა ხუმრობით ლუდმილა სალიამ კოტე თავზარაშვილს შეხვედრის დროს. მისი თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, შეხვედრა მართლაც აუცილებელი იყო.

ხურვალეთში იმყოფებოდა ასევე გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი. ის სწორედ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს კურირებს. მერმა და მისმა მოადგილემ თავშესაფრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.

,,ჩემი მზარეული იყო, რომელიც ერთი კვირის წინ, რუსებმა დააკავეს,“ - იხსენებს ლუდმილა სალია. ,,წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქნებოდა. წავედი, მივედი რუსებთან ახლოს და ვუყვიროდი რუსულად, ,,რებიატა, რებიატა“. სხვათა შორის, გამომეხმაურნენ. ვუთხარი, რომ ვიყავი თავშესაფრის ხელმძღვანელი და მზარეული იყო დაკარგული. ვკითხე, თქვენ ხომ არ წაიყვანეთ-მეთქი. თავიდან უარყვეს. სამჯერ უარყო, მერე უკვე დადასტურდა დაკავების ფაქტი,“ - ყვება ლუდმილა სალია.
მისი განცხადებით, სოფელს ძალიან უჭირს. მოსახლეობას არ აქვს სამსახურები. ზაფხულში, სარწყავი წყლის უქონლობის გამო, ნაკვეთები ვერ მორწყეს. სასმელი წყალი კი, ამღვრეული მოდის.

სოფელ ხურვალეთში ჭაბურღილი გაკეთდა. ქვედა ხურვალეთში ონკანები თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილი მრიცხველებით, ზედა ხურვალეთში კი კვლავაც საუბნო ონკანებია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები