ახალი ამბები
ენერგოომბუდსმენი გორში შეხვედრას 5 იანვარს გამართავს
საქართველოს ენერგოომბუდსმენი, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სალომე ვარდიაშვილი გორში შეხვედრას 5 იანვარს გამართავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა. შეხვედრის მთავარი მიზანი, სწორედ, დეკემბერში გამოწერილ გადასახადებს უკავშირდება, რომელიც ,,სოკაჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას დააკისრეს.

ნოემბერთან შედარებით, მოქალაქეებს გაორმაგებული და გასამმაგებული ოდენობის თანხის გადახდა 12 იანვრამდე უწევთ. სალომე ვარდიაშვილის თქმით, ის დეტალურად გაეცნობა საქმეს და, რაც მთავარია, საკითხი დოკუმენტურად და ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი.

შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 12 საათზე დაიწყება.

ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის მაჩვენებელი კოლოსალურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ მეტია.

,,ეს მაჩვენებელი, ერთის მხრივ, მოქალაქეთა სამომხმარებლო ცოდნის ამაღლებაზე, მეორე მხრივ, კი სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს." - აღნიშნავენ ენეროომბუდსმენის ოფისში.

ენერგოომბუდსმენის მონაწილეობით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში, მოქალაქეებიდან შესულ საჩივრებზე, 2017 წლის დეკემბერში რამდენიმე სხდომა ჩატარდა.

მაგალითად, 2017 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 148 662.97 ლარი ჩამოაწერა.

კერძოდ, 1-8 დეკემბრის კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა, რომელთა უმრავლესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიამ განიხილა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისს“ შორის არსებული დავები. მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა კომპანიის მხრიდან განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, მრიცხველის საფასურს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებს.

15 დეკემბრის სხდომა: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში მომხმარებლებს კომპანიების მიერ დარიცხული 2 მლნ. 400 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

8-15 დეკემბრის კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხებოდა სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“და სს „საქორგგაზის“ მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებს. სხდომებზე განსახილველად საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა წარადგინეს. ჯამში ჩამოწერილი თანხის ოდენობამ 2 485 684.63 ლარი შეადგინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები