ახალი ამბები
მკვლელობა ატენში - 83-წლის ქალს თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყეს
თავის არეში მიღებული დაზიანების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 83-წლის ქალი გარდაიცვალა. ბრალდებული მეზობლის ქალია.

შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ გამოძიება 19/108-ე მუხლის საფუძველზე (დანაშაულის ჩადენის მცდელობა და განზრახ მკვლელობა) დაიწყო. დაკავებული 53-წლის ასაკისაა და, დაზარალებული ოჯახის სიახლოვეს, მარტო ცხოვრობს.

ინციდენტი მეზობლებს შორის გამართულ ქეიფზე დაიწყო.

,,მეც გადმოცემით გავიგე, რომ დაბადების დღეზე მეზობლები ქეიფობდნენ. როზა მისულა სტუმრად. ცუდი ხასიათების გამო, ცოტა ხანში სუფრიდან გამოუშვიათ. როზა გაბრაზებულა და დაემუქრა მათ, ნახეთ, რა გიყოთო და წამოვიდა. მოგვიანებით, ჩუმად შესულა ამ ოჯახის პირველ სართულზე, სადაც მოხუცი იწვა. აუღია შეშა და დაურტყამს. შემდეგ, იქვე გვერდით ოთახში შესულა და დაუძინია" - აცხადებს სოფლის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ბებია შემთხვევით შვილიშვილმა ნახა. 83-წლის ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბრალდებული კი, შეშიანად, გვერდით ოთახში იწვა და ეძინა. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები