ახალი ამბები
გორში ბუნებრივი აირის დატაცების ფაქტზე პურის საცხობის დირექტორი დააკავეს
გორში, დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის დატაცების ფაქტზე კობა საური დააკავეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ქურდობის, 177-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს.

დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მის მიერ ,,სოკარ"-ისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე კვლავ ზუსტდება. ადვოკატის განცხადებით, წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა.

,,ფაქტიურად, ეს ადამიანი სულ ტყუილად ზის ციხეში," - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე. მისი განმარტებით, გამოძიება წელიწადნახევრის წინ დაიწყეს და დღემდე ბევრი დეტალი კვლავ გასარკვევია.

დაზარალებულად ცნობილია კომპანია ,,სოკარი" და მისი წარმომადგენლობა გორში ,,საქგორგაზი". პროკურატურას კობა საურთან ერთად სხვა არავინ დაუკავებია. არ გამოკვეთილა ბრალი საკუთრივ ,,საქგორგაზის" თანამშრომლების მიმართ.

კობა საური გორში, წმინდაწყალზე მდებარე ცნობილი ,,საურების საცხობის" დირექტორია. კომპანიის მესაკუთრე ოფიციალურად იაგო საურია, რომელიც შიდა ქართლის პოლიციის უფროსი იყო. კომპანია ,,სოკარის" წარმომადგენლებმა გაზის დატაცების ფაქტი ოფიციალურად 2016 წელს გამოავლინეს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართეს.

დაკავებულის ძმა იაგო საური სამხარეო პოლიციის უფროსად 2013-2016 წწ-ში მუშაობდა.

საქმის ირგვლივ დამატებით დეტალებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გაარკვევს. კიდევ ერთი ფაქტი, რაც საურებს უკავშირდება, 2015 წელს სოფელ ბერბუკში გაჩენილი ხანძარია. წისქვილში, რომელიც საურებს ეკუთვნით, 2015 წლის ივნისში აალება მოხდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურიც გამოცხადდა, თუმცა შს სამინისტროში მაშინ ხანძრის ეს ფაქტი არ დააფიქსირეს.

ფოტოზე: იაგო საური

Print

სტატიის გამოყენების პირობები