ახალი ამბები
ვანიშვილების სახლს შეშის ღუმელიც ვერ ათბობს
ერთსართულიანი სახლი სოფლის განაპირას დგას, რომელსაც სულ ორი ოთახი და ცალკე სათავსო აქვს. იატაკზე ცემენტია მოსხმული, კედლები კი, - გასალესი. ამ ოთახში დედა, მამა და ბებია სამ ბავშვს ზრდიან.

ცალკე ოთახში ცხოვრობს ლალი ვანიშვილის მეორე შვილი, ასევე, თავისი მოზრდილი, თუმცა არასრულწლოვანი შვილით. ისინი სოფელ ხვითში ცხოვრობენ.

,,ჩვენ ახალ წელს შევხვდით სიცივეში. ღუმელი დღე და ღამე გვინთია, მაგრამ კარგად ვერ ათბობს სახლს." - ამბობს ლალი ვანიშვილი. ის, ამავე დროს, ფიზიკურად დასუსტებულია, რადგან ავარიაშია მოყოლილი და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ოჯახის სოციალური მდგომარეობა 2014 წლიდან გაუარესდა, როდესაც კაპიტალური სახლი ბიძაშვილებმა დააცლევინეს. კერძოდ, ანზორ ვანიშვილმა. ანზორ ვანიშვილი ომის დროს იძულებული გახდა საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წასულიყო. მის სახლში ცხოვრება კი, ბიძაშვილებმა დაიწყეს. ანზორ ვანიშვილი ამბობს, რომ სახლი გაყიდა, თუმცა თანხა არ გადაუხადეს. 

ბიძაშვილებს შორის დავა 2012 წლიდან გრძელდება. 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი ხვითი ლამისყანასთან მდებარეობს. სოფელში სულ 100-მდე კომლია. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც შეშის ღუმელით თბება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი სოფლამდე და ეზოებამდე მიყვანილი, გაზს გასათბობად ვერ იყენებენ. საცხოვრებელი სახლები სითბოს ვერ ინარჩუნებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები