აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის
შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943
წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის
ფაკულტეტი.
1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და
ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
1948 წლიდან - თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია
თემაზე „თბილისის საამირო“.
1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა - „ფეოდალური
საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.
გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.
რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე
ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“.
მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან
ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი
ლაბორატორია.
1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ფოტოზე: ოთარ ჯაფარიძე (არქეოლოგი), მარიკა ლორთქიფანიძე, დავით
ოთხმეზური (მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟი)
სტატიის გამოყენების პირობები