ახალი ამბები
გორის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლებისთვის სოსო ნემსაძე ახმეტელის პრემიით დააჯილდოვეს
ერისთავის თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლებისთვის, ასევე ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რეჟისორი სოსო ნემსაძე სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის თეატრიდან აცნობეს.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პრემია ქართული თეატრის დღეს, 2018 წლის 14 იანვარს მიანიჭეს.

სოსო ნემსაძე გორის თეატრიდან 2017 წელს წავიდა და ამჟამად რუსთავის თეატრის სამხატვრო დასს ხელმძღვანელობს. ის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია სამსახიობო მიმართულებით.

დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირება სპეციალობით მსახიობის ხელოვნება.

მიღებული აქვს სერთიფიკატი “კულტურის მენეჯმენტის” კურსით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა გააგრძელა კათედრაზე პედაგოგად, აგრეთვე მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში.

მუშაობდა ა. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად, აგრეთვე შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად.

დადგმული აქვს სპექტაკლები: ‘’თავისუფალი თეატრის’’ ‘’გლობუსის’’, ‘ ახმეტელის, ბათუმი, ოზურგეთის, ჭიათურის, ქუთაისის, გორის, ახალციხის თეატრის სცენებზე.

მონაწილეობა აქვს მიღებული სტუდენტურ ფესტივალებზეც, სადაც დაჯილდოვებული არის ორჯერ მთავარი პრიზით (გრანპრი), “ყველაზე პერსპექტიული შემოქმედის” პრიზით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები