ახალი ამბები
რა ჭირდებათ ტირძნისელ ახალგაზრდებს
17 წლის ჯემალ სამადაშვილი ტირძნისიდან გორში სავარჯიშოდ ჩამოდის. ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ღია სპორტული მოედანია, სადაც ნალექიან ამინდებში გასვლა შეუძლებელია.

მოზარდი ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად გორის სპორტული დარბაზით სარგებლობას ტრანსპორტირების ხარჯების გამო ხშირად ვერ ახერხებს. ახალგაზრდებმა საკუთარი პრობლემები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გააჟღერეს და ის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები დაასახელეს, რომლებიც მათი შესაძლებლობების რეალიზებაში უწყობთ ან უშლით ხელს. 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათ გარკვეული უნარების გამომუშავებაში პიროვნული განვითარების მიმართულებით ტრენინგ-სემინარები სჭირდებათ.

შეხვედრას ტირძნისის სათემო ცენტრმა უმასპინძლა. მისი ხელმძღვანელი მარიამ ბუჩუკური აცხადებს, რომ ორგანიზაცია ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით სხვადასხვა შეხვედრას აწყობს, თუმცა მათ არაფორმალური განათლების კუთხით, მოტივაციის ნაკლებობა ახასიათებთ. ტირძნისში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ინტერნეტმიჯაჭვულობას და, ინტერნეტ რესურსების სასარგებლოდ გამოყენების შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სოფლის წარმომადგენელს გელა სამადალაშვილს დაუკავშირდა, რომელამაც აღნიშნა, რომ სოფელში 4 ღია სტადიონია და ამ ეტაპზე ფინანსების არარსებობსი გამო დამატებითი ფართის გამოყოფა არ იგეგმება, არც მოედნებისთვის და არც გასართობი ცენტრებისთვის. რაც შეეხება ინვენტარს, მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სტადიონზე შეტანილი სკამებიც კი დააზიანეს და ამ ეტაპზე დამატებით არაფრის შეტანა არაა დაგეგმილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები