ახალი ამბები
გორის მერიიდან დაფინანსება ინდივიდუალური სახლების მფლობელთა ,,ამხანაგობებსაც" შეუძლიათ
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინდივიდიალური საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს, მერიიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით, ,,ამხანაგობების" ჩამოყალიბება შეეძლებათ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პროგრამა უკვე დაამტკიცა.

პროგრამის მიხედვით, რომელიც ასევე კორპუსების ,,ამხანაგობებს" ეხება, სოფლად და ქალაქ მცხოვრებ ოჯახებს შეუძლიათ საერთო სარგებლობის პროექტების განხორციელება. კერძოდ, ,,ამხანაგობები" ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულმა, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა უნდა შექმნან, რომლის უფლებამოსილება საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობა, ექსპლოატაცია და განვითარება იქნება.

პროექტის წარმომდგენმა ამხანაგობამ უნდა მოახდინოს თანადაფინანსება საცხოვრებელი სახლების საერთო სახურავების, სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის, ლიფტების, ფასადის, კორპუსების სადარბაზოების, ეზოების კეთილმოწყობის, რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულების მინიმუმ 10%-ით; წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეთა წილს.

მერიაში ამბობენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ბინათმესაკურეთა ამხანაგობა წარმოადგენს მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანებას უძრავი ქონების კომპლექსის ერთობლივი მართვისა და ექსპლოატაციის მიზნით. ასეთი ორგანიზაციის შექმნა არის სახელმწიფო და მუნიციპალური საცხოვრებელი ბინების ფართო მასშტაბის პრივატიზაციის შედეგი.

პროგრამის სახელწოდებაა - „ გორის მუნიციპალიტეტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამა“.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები