ახალი ამბები
გორის საკრებულოს სხდომაზე დადგენილების პროექტი ,,შეაპარეს"
2018 წლის 12 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები კვლავ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების მართვის სააგენტოს დაექვემდებარა. 22-დღიანი ,,თავისუფლება" საბავშვო ბაღებმა 2017 წლის 21 დეკემბერს მოიპოვეს. საკრებულომ 22 დღის წინ მიღებული დადგენილება ისევ გააუქმა.

,,ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №53 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 26/12/2017; 010250020.35.148.016439)." - აღნიშნულია ახალ დადგენილებაში.

აწ უკვე გაუქმებული დადგენილების შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა სტატია სათაურით ,,გორის საბავშვო ბაღების დირექტორები ,,მართვის სააგენტოს" კონტროლისგან გათავისუფლდნენ" 22 დეკემბერს გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, საკრებულოში დადგენილების პროექტი დასამტკიცებლად ისე შეიტანეს, რომ გორის მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. 22-დღის წინანდელი დადგენილების მიხედვით, საბავშვო ბაღები ფინანსურად დამოუკიდებლები ხდებოდნენ.

რა მოხდა გორის მუნიციპალიტეტში? ამის ოფიციალური პასუხი არ არსებობს. მერიაში ამბობენ, რომ 21 დეკემბრის ,,დადგენილება" საკრებულოს წინაშე მერს, კოტე თავზარაშვილს არ წარუდგენია.

2017 წლის 21 დეკემბრის დადგენილებამ საბავშვო ბაღების გაერთიანების სისტემაში დისბალანსი შექმნა, რადგან საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს, დეკემბერში, რამდენიმე ტენდერი, საკვების შესყიდვასთან დაკავშირებით, გამოცხადებული ჰქონდა.

21 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, გაუქმებული იყო ,,მესამე პრიმა" მუხლი, რომელიც საბავშვო ბაღების დირექტორისა და მართვის სააგენტოს ურთიერთობას ეხებოდა. საბავშვო ბაღის დირექტორი საკადრო საკითხებზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და სასწავლო პროცესზე ,,მართვის სააგენტოს" ზედამხედველობისგან თავისუფლდებოდა.

2018 წლის 12 იანვრის შემდეგ კი, საბავშვო ბაღის დირექტორი საკადრო საკითხებზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და სასწავლო პროცესზე, კვლავ, ,,მართვის სააგენტოს" ზედამხედველობის ქვეშ დარჩა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები