ახალი ამბები
დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32-წლის ვიაჩესლავ კაზიევია
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურატურის ცნობით, მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებული, თანასოფლელი 32-წლის ვიაჩესლავ კაზიევია.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი ამბობს, რომ კაზიევი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიიმალა.

მარეკ დუდაევის ყოფილი მეუღლე მარფა ვაზაგოვა მკვლელობას შურისძიებას უკავშირებს. ამის შესახებ მან ოსურ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს წარსულში მარეკთან კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა რა კონფლიქტი, არ ახსენა.

,,მკვლელს ეშინოდა მარეკის, მივიდა ფერმაში და უკნიდან ესროლა" - განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს.

გუშინ, საღამოს, ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევის ცხედარი ყოფილი კლუბის შენობაში ნახეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა. მარეკ დუდაევს სამი ტყვია ესროლეს, ორი - თავში აქვს მოხვედრილი.

,,ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და მას ვეძებთ, სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა," - აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრი იგორ ნანიევი. მისი განცხადებით, ეჭვმიტანილი ამავე სოფლის მკვიდრია.

სოფელი არცევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს ემიჯნება.

მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა, დივერსიული აქტის მოწყობის ბრალდებით, დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და 2013 წელს დე-ფაქტო რესპუბლიკას გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები