ახალი ამბები
მართვის სააგენტოს დირექტორი #1 საბავშვო ბაღის გამგეს მითითებებს აძლევს
გორის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი 1-ლი ბაღის გახსნას კატეგორიულად ითხოვს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მან განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბაღში სწავლა 18 იანვარს არ განახლდა, შენობაში დასაწყობებული პროდუქტი გაფუჭდება. ბაღის გამგემ კი, ბავშვები 18 იანვრისთვის სხვაგან, ალტერნატიულ შენობაში მიიწვია

,,ქალბატონმა ლალიმ თუ არ გახსნა ხვალ ბაღი, ზეგ დასვენების დღე მოსდევს, მერე შაბათ-კვირაა და პროდუქტი გაფუჭდება, პროკურატურიდან დაგვიდასტურეს, რომ დღესვე დაამთავრებენ საგამოძიებო მოქმედებებს. დაასუფთავებენ და ხვალვე გახსიან ბაღს" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი. ლალი ბაიაძე ამბობს, რომ დღეს მომხდარი ფაქტის გამო, შეუძლებელი იქნება ძირითად შენობაში სწავლის განახლება.

შეგახსენებთ, დღეს, დილი გორის 1-ლი საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაიღეს ორი ლეპტოპი და მონიტორი. ბაღის გამგე ლალი ბაიაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ კომპიუტერში ფინანსური დოკუმენტაცია ინახებოდა:

,,მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ ვიცით, გამოძიებას რა დაჭირდება კიდევ. ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ბავშვები სხვა შენობაში მიგვეღო, თუმცა მითხრეს სააგენტოდან, რომ აუცილებლად ხვალვე გავხსნა ბაღი ამ შენობაში," - გვითხრა ლალი ბაიაძემ.

რა მოხდება ხვალ, თუკი მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური სწავლის პროცესს შეამოწმებს? ამაზე კომენტარს სააგენტოში არ აკეთებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები