ახალი ამბები
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ხურვალეთში დათა ვანიშვილი მოინახულეს
,,მეტი ყურადღება საოკუპაციო ხაზისკენ" - ამ შინაარსის აქცია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოფელ ხურვალეთში და წითეულბანში გამართეს. გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

ახალგაზრდებმა ვიზიტის დროს, დათა ვანიშვილის შვილიშვილი, 27 წლის მალხაზ ვანიშვილი გაიცნეს, რომელიც პაპისა და ბებიის სანახავად, სოფელში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. ამბობს, რომ უკეთესი პირობების გამო, საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

,,მეუბნებიან, რომ თუკი მავთულხლართებს 10 მ მანძილზე მივუახლოვდები, დამაკავებენ და გამიშვებენ ისევ ვლადიკავკაზში. აქ რომ ვიცხოვრო, რა გავაკეთო? სოფელში ვერ გადმოვდივარ, ცხინვალში კი, მიმოსვლა ჭირს, ახალგორი-ცხინვალის გზაზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, მოძრაობა ჭირს", - ამბობს მალხაზ ვანიშვილი. მისი თქმით, რუსეთის სამხედროები მავთულხლართების გასწვრივ სისტემატიურად მოძრაობენ.



კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადასხვა კომპანიების მიერ გაგზავნილი საჩუქრები დათა და მალხაზ ვანიშვილებს გადასცეს. სტუდენტი ზურაბ ახობაძე თვლის, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს მეტი ყურადღება ჭირდება:

,,ვიდრე დათა ვანიშვილთან მოვიდოდით, წითელუბანში ქუძიევების მრავალშვილიან ოჯახში ვიყავით, მათაც საჩუქრები მივუტანეთ. ჩვენ ამ ტიპის აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ,"- ამბობს ზურაბ ახობაძე.




დათა ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღმოჩნდა. მავთულხლართების გამო, ის სოფელ ხურვალეთში გადასვლას ვერ ახერხებს. მის მეუღლეს, ამჟამად, სამედიცინო დახმარება ჭირდება. დილით, თბილისის კლინიკის ექიმებმა მოინახულეს ვანიშვილები:

,,დილით, ექიმები იყვნენ მოსულები. მითხრეს, გამაიყვანე შენი ქალი და შევხედოთო. ჩემ შვილიშვილს დავუძახე და ვუთხარი, მიდი შვილი ხელში აიყვანე ბაბო და ვაჩვენოთ ექიმებს-მეთქი. ახალგორში ვერ წავიყვან. იქ ქალების პალატაში დააწვენენ და მე როგორ გავჩერდე იქ. სულ წნევები აქვს და დახმარება ჭირდება" - ამბობს დათა ვანიშვილი.


სტუდენტები მოითხოვენ, რომ ამ კუთხით სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია საქმის კურსში ჩააყენოს და მოხუც ადამიანებს დახმარება გაუწიონ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები