ახალი ამბები
ბერბუკის დასახლებაში მოსწავლეებისთვის ონლაინ კურსების გამართვა იგეგმება
ბერბუკის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორის, დაკო მურადაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახალგაზრდების საჭიროებებს სწავლობს. მიღებული ინფორმაციის შემდეგ და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბავშვებთან შესაბამის ონლაინ-კურსების ჩატარებას დაგეგმავენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები იყვნენ. 15-წლის ლიკა ბასიშვილი ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლაში სწავლობს. ამბობს, რომ ინგლისური ენას სკოლაში სათანადოდ ვერ ითვისებს და დამატებითი გაკვეთილები ესაჭიროება. მისი აზრით,  თუ კი დასახლების სათემო ცენტრში სპეციალისტი პერიოდულად ივლის, დევნილ ახალგაზრდებს ცოდნა გაუღრმავდებათ, შემდეგ კი, გამოცდის ჩაბარებასა და სამსახურის ძიებაშიც გამოადგებათ.

სათემო ცენტრში, რამდენიმე წლის წინ, ინგლისური ენის უფასო კურსები მიმდინარეობდა, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ, ინგლისური ენის შესწავლის პრობლემა დევნილ მოსწავლეებს კვლავ დაუდგათ.

ლიკამ ამ საკითხის შესახებ სათემო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მოზარდების აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია.

ლიკას გარდა, ადგილზე არსებული პრობლემები სხვა მოსწავლეებმაც გააჟღერეს.  ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში დაბინძურებული სასმელი წყლის შესახებაც ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სათემო ცენტრის ხელმძღვანელის დიანა მარიამიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული თავშეყრის ადგილები და სპორტული მოედნები მოსაწესრიგებელია, რის გამოც მოსწავლეებში ინტერნეტმიჯაჭვულობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეინიშნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები