ახალი ამბები
დათა ვანიშვილის მეუღლეს სამედიცინო დახმარება ჭირდება
გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილი მეუღლისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვს. მისი თქმით, მეუღლეს მაღალი არტერიული წნევა აწუხებს და თავს შეუძლოდ გრძნობს.

ახალგორისა და ცხინვალის საავადმყოფოში მის წაყვანას ვერ ახერხებს: ,,ცხინვალში რომ წახვიდე, დიდი გორები უნდა გადაიარო. ახალგორში წახვიდე და გახედეთ, რა გზა არის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ," - განაცხადა დათა ვანიშვილმა.

20 იანვარს დილით დათა ვანიშვილი თბილისიდან ჩასულმა ექიმებმა მოინახულეს. სამედიცინო პერსონალსა და მას შორის საუბარი მავთულხლართებთან შედგა. ქართველ ექიმებს პაციენტის მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება შეეძლოთ.

,,დილით ექიმები მოვიდნენ თბილისიდან. მითხრეს, გამაიყვანე შენი ქალი და ვნახოთო. სულ წნევები აქვს, სიარული უჭირს. შვილიშვილს ვუთხარი, მიდი ხელში აიყვანე და მოიყვანე ბაბო-მეთქი. საავადმოფოში დაწვენა ჭირდებაო. ახალგორის საავადმყოფოში რომ წავიყვანო, ვერ დავტოვებ. მეც იქ უნდა დავრჩე მაშინ. რა გავაკეთო არ ვიცი," - აღნიშნა დათა ვანიშვილმა.

ექიმები დაპირდნენ რომ ამ პრობლემის შესახებ, შესაბამის უწყებებს საქმის კურსში ჩააყენებენ. დათა ვანიშვილი 20 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მეუღლის მდგომარეობის შესახებ მათ მოუყვა.

დათა ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს. მავთულხლართების გაბმის (2008 წლის აგვისტოს ომის) შემდეგ, მისი საცხოვრებელი სახლი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ამჟამად, შვილიშვილი ვლადიკავკაზიდან ესტუმრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები