ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში არტთერაპიის ჯგუფი შეიქმნება
1 თებერვლიდან სკრის დევნილთა დასახლებაში არტთერაპიის ჯგუფი "ტრამპოლინა" შეიქმნება, რომელშიც 6-14 წლამდე ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის ავტორი ორგანიზაცია ,,ქართლოსია“, რომელიც პოლონელ ექსპერტებტან ერთად არტთერაპიის კურსებს ჩაატარებს და ადგილობრივ სათემო ლიდერებსა და მასწავლებლებს გადაამზადებს.

არტთერაპიის შესახებ სპეციალური პროგრამა შემუშავდება, ხოლო თემატური წიგნები პოლონურიდან ქართულად ითარგმნება.

,,არტთერაპია და თამაშით თერაპია ბავშვებთან მუშაობის წამყვანი იარაღია. ამ ორი ხერხის გარეშე ბავშვთან დაკავშირება შეუძლებელია. ნახატებით, ზღაპრებით, ძერწვით, სათამაშოების განლაგებით და სათამაშოებით ინტერაქციით ბავშვის შინაგანი სამყარო იხსნება: რა აწუხებს, როგორ არის როლები გადანაწილებული მის ოჯახში, როგორ ურთიერთობს სხვებთან." - ამბობს მეგი ბიბილური, ,,ქართლოსის" ხელმძღვანელი.

არტთერაპია გულისხმობს ნებისმიერი ხელოვნების გამოყენებას თერაპიული მიზნებისათვის: ხატვა, ძერწვა, წერა, მუსიკა, ფილმი.

,,ის საშუალებას გვაძლევს გავთიშოთ გონება, თავი ავარიდოთ აზრმოკლებულ ვერბალიზაციას და ჩვენი ემოციები რაიმეს შემოქმედებით, კეთებით გამოდვცეთ. მისი საშუალებით ხერხდება განმუხტვა, სტრესის და პოსტტრამვული სიმპტომების მოხსნა, თვითგამორკვევა, არაცნობიერის გაცნობიერება, ასევე ურთიერთობების დარეგულირება ადამიანებს შორის და კრეატულობის განვითარება. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული საპილოტო პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების გააქტიურებას და უფრო მარტივად მათი შესაძლებლობების გამოვლენას." - აღნიშნავს მეგი ბიბილური.

მსგავსი მიმართულებით ურთიერთობა ორგანიაცია ,,ქართლოსს“ ადგილნაცვალ პირებთან გასულ წელსაც ჰქონდა, რამაც პროექტის გაგრძელების საჭიროება გამოკვეთა. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ომგამოვლილ ახალ თაობაში დაგეგმილი აქტივობები სასიკეთო შედეგებს გამოიღებს.















Print

სტატიის გამოყენების პირობები