ახალი ამბები
მონასტრის გარშემო 1000 მ-იან რადიუსში დაწყებული მშენებლობისთვის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
სამთავრო მონასტერთან, მშენებლობის ნებართვის გაცემის ფაქტზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს 3-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქმე გორის სასამართლომ განიხილა.
მასალების მიხედვით, კონკრეტულ პირს, მონასტერთან 1000 მ რადიუსში, ობიექტის ასაშენებლად პროექტი დაუმტკიცეს. დოკუმენტებს საკრებულოს თავმჯდომარის, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსის ხელმძღვანელების ინიციალები ახლავს.

ბრალდებულმა ლ.ტ-მ განაცხადა, რომ დოკუმენტებს ხელი თავად მოაწერა ხელი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირების ინიციალებს მიამსსგავსა. საქმე მაშინ გახმაურდა, როდესაც 2006 წელს მშენებელი 8 ათასი ლარით დააჯარიმეს.
2013 წლის ოქტომბერში ლ. ტ-ემ გასაღების მიზნით ყალბად დაამზადა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემას ითვალისწინებდა.

ოფიციალურად, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები მუნიციპალიტეტთან იყო შეთანხმებული.

,,ორივე პროექტის თითო ეგზემპლარზე ბრალდებულმა დააწება გამგეობის ბეჭედდასმული ფურცლები - ლუქები. ბეჭდის, და ხელმოწერის ქვემოთ ფურცლებზე, იყო ცარიელი ადგილი ტექსტის ჩასაწერად. ამ ფურცლებზე თავისი ხელით გააკეთა ჩანაწერები, ერთზე - „დამოწმებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ,“ რომლის ქვემოთაც თვითონ შეასრულა ხელმოწერა ამ სამსახურის უფროსის ხელმოწერაზე მიმსგავსებით, ხოლო მეორე პროექტზე - „შეთანხმებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ,“ რომლის ქვემოთაც შეასრულა ხელმოწერა აღნიშნული სამსახურის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსის ხელმოწერაზე მიმსგავსებით.“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

შეთანხმების დოკუმენტების ,,მომზადების“ შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ორ ბრძანებას. სამთავროს მონასტრის ეზოში მშენებლობაც დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მშენებელი დაჯარიმდა 8000 ლარით. 2016 წლის ზაფხულში კი, საგამოძიებო სამსახურმა 362-ე მუხლით გამოძიება დაიწყო:

,,მცხეთაში, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობით კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავ ძეგლს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან სამონასტრო კომპლექსი შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალს წარმოდგენს ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო 1000 მეტრის რადიუსით.“ - აღნიშნავს პროკურატურა.

იქვე განმარტებულია, რომ მშენელობამ გავლენა მოახდინა ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე და საფრთხე შეუქმნა მის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას, მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა და შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება.

სასამართლომ, 2017 წლის სექტემბერში, თავისუფლების აღკვეთა 3-წლის ვადით შეუფარდა, აქედან, 2 წელი საპატიმროში. წაყენებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაკვალიფიცირდა, როგორც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. ეს მუხლით თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებდა. პროკურატურა ბრალის დამძიმებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

 


სამთავროს ეკლესია

სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლია მცხეთაში, რომელიც XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარს წარმოადგენდა.

ქართულ საისტორიო წყაროებში ("მოქცევაჲ ქართლისაჲ", "ცხოვრება ქართუელთა მეფეთა") მოიხსენიება, როგორც "გარეუბნისა ეკლესია" და "ზემო ეკლესია" (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლისტაძრისა, რომელსაც "ქუემო ეკლესია" ეწოდებოდა.

V საუკუნის 20-30-იან წლებში, არჩილ მეფის დროს, მირიანის მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარი დანგრეულა და იონა მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადაუტანია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები