ახალი ამბები
თვითმმართველობასთან ურთიერთობის მონიტორინგის შედეგებს ,,ბილიკი" წარადგენს
25 იანვარს, 15:00 საათზე, ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოება „ბილიკისა“ და ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ მიერ, პროექტის „თვითმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი“ საქმიანობების პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საზოგადოება ,,ბილიკიდან" აცნობეს.

პროექტის მიზანია, განახორციელოს თვითმართველობის მონიტორინგი საზოგადოებრივი ჩართულობის, საზოგადოებასთან სიახლოვის კუთხით. პროექტის განხორციელების მიზნობრივი არეალია არის გორის მუნიციპალიტეტი. პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან ადგილობრივი სამოქალაქო, სამთვრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმოადგნლები.

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო).

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები