ახალი ამბები
დაპირისპირება ვარიანში (VIDEO)
ვიდრე ვარიანში გორის შს სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე არ ავიდნენ, შპს ,,ლელიანის" მიერ დაქირავებულ ტრაქტორის მძღოლს მუშაობის უფლებას არ აძლევდნენ. ვარიანის განყოფილების ინსპექტორები სასულიერო პირის მამა გრიგოლთან (გოგოჩაძე) დაპირისპირებულ ხალხს ვერ აკავებდნენ. ტრაქტორის მძღოლი ცდილობდა დიდი არხიდან საკალმახეში რუ გაეჭრა. ამის წინააღმდეგ კი, სხვა საკალმახეების მფლობელები წავიდნენ.

საქმე იმაშია, რომ სოფელ ვარიანის განაპირას 30-მდე საკალმახეა გაკათებული და ყველას თავისი მეპატრონე ჰყავს. მათ შორის არის შპს ,,ლელიანის" საკალმახე. ამ შპს-ს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს: მამა გრიგოლი (გოგიჩაძე), ზაზა ზაზაძე (ადგილობრივი მკვიდრი) და კიდევ ორი თბილისელი პიროვნება.

დღეს, ,,ლელიანის" საკალმახეში ტრაქტორით რუს გაჭრა დაიწყეს. მეზობელი საკალმახეების მფლობელები ტრაქტორს წინ გადაუდგნენ. კომპანიის დაქირავებულმა ადვოკატმა პოლიცია გამოიძახა. დაპირისპირებულ მხარეებთან გორის შს სამმართველოს უფროსი ირაკლი ჭედიშვილი და მისი მოადგილე მივიდნენ. 




ფოტოზე: არჩილ ურჯუმელაშვილი

,,ეს წყალი ჩვენ არ გვყოფნის. მამაომ რომ ეს წყალი თავის საკალმახეში შეუშვას, ჩვენი თევზი დაიღუპება," - ამბობს არჩილ ურჯუმელაშვილი, რომელსაც საკუთრივ 12 საკალმახე აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ 5 საკალმახეს ამუშავებს და თუკი შესაბამისი რაოდეონობის თევზს არ მოიყვანს, ბანკში დაქირავებულ ქონებას დაკარგავს. ერთ-ერთი ინიციატორი დღევანდელი პროტესტისა სწორედ ის იყო.

არჩილ ურჯუმელაშვილს და სხვა ვარიანელებს კომპანია ,,ლელიანის" ადვოკატი ეუბნებოდა, რომ საერთო სარგებლობის წყალი ყველამ უნდა გამოიყენოს, ხოლო მათ სხვის საკუთრებაში მომუშავე ტრაქტორის მუშაობის ხელშეშლის უფლება არა ქონდათ:





ფოტოზე: მზია კობერიძე, ადვოკატი

,,აქ, როგორც ჩანს, მგლური კანონებია. გადაუდგნენ ტრაქტორს და არ უშვებდნენ. იძულებული გავხდი პოლიცია გამომეძახებინა." - აცხადებს მზია კობერიძე. 

კიდევ ერთი დეტალი, რაც დღევანდელ ინციდენტის დროს გამოიკვეთა, კომპანია ,,ლელიანის" დირექტორის პოზიციაა. ზაზა ზაზაძე არ ეთანხმებოდა თავისივე ადვოკატის პოზიციას და ამბობდა, რომ რუს გაჭრის შემთხვევაში წყალი სხვა საკალმახეებში აღარ წავიდოდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკალმახეების მფლობელებმა განუმარტეს, რომ საკალმახეს გამდინარე წყალი ჭირდება. არხში წყლის ამჟამინდელი რაოდენობა კი, არასაკმარისია.




ფოტოზე: ზაზა ზაზაძე, ,,ლელიანის" დირექტორი

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი და მისი მხარდამჭერები მეურნეობის დაწყებაში ხელს უშლიდნენ:

,,როგორც იქნა, 10-წლიანი დავა დასრულდა და პოლიციის დახმარებით საკალმახეში წყლის არხი გავიყვანეთ. ეს მეურნეობა ისევ ხალხის საკეთილდღეოთ და დასასაქმებლად მჭირდება," - აცხადებს მამა გრიგოლი. ის 10-წლის წინ სოფლის მოძღვარი იყო, თუმცა გორის ეპარქიის გადაწყვეტილებით, ვარიანის ეკლესიის მოძღვრად სხვა, დეკანოზი თადეოზი (ქებაძე) დაინიშნა. დღევანდელ ინციდენტს დეკანოზის ძმა, გენერალი მიხეილ ქებაძეც ესწრებოდა და მამა გრიგოლთან დაპირისპირებულ ხალხის მოსაზრებას იზიარებდა.

საბოლოოდ, ცენტრალური არხიდან საკალმახეში რუ გაჭრეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები