ახალი ამბები
გორის მე-5 სკოლა აუდიტის სამსახურმა შეამოწმა
საქართველოს განათლების სამინისტრომ გორის მე-5 სკოლას წერილობითი გაფრთხილება მისცა. ამის შესახებ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის დასკვნაში წერია. დასკვნის მიხედვით, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს. მიმდინარეობს გამოძიება.

გორის მე-5 საჯარო სკოლაში არსებული სიტუაციისა და შიდა აუდიტის დასკვნის შესახებ მასალა ,,ტაბულამ" დღეს გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, პედაგოგები ნაზიკო ციცქიშვილი და მაია ალექსიძე დირექტორს სხვადასხვა დარღვევებში ადანაშაულებენ. შედეგად, აუდიტის სამსახურმა მოკვლევა 2016 წლიდან დაიწყო. 

აუდიტის მიხედვით, დარღვევების ოფიციალური ჩამონათვალი ასეთია:


სკოლაში ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებსაც არ აქვთ მასწავლებლის კვალიფიკაცია;

დირექტორის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, დამცირების ფაქტები;

თანამშრომელს ეძლევა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი, როცა ხარიხის დამადასტურებელი დოკუმენტი სკოლამ ვერ წარმოადგინა;

დირექტორი კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს არარეალური რაოდენობის საგაკვეთილო საათებს (44-46);

სკოლა მასწავლებელს აძლევდა ზედმეტ ხელფასს, იმ გაკვეთილებისთვის, რომლებიც არ ჩაუტარებია;

რამდენიმე მოსწავლეს სავალდებულო ინგლისურის ნაცვლად, გერმანული და რუსული ენების გაკვეთილები უტარდებოდა.

ცალსახად არ დასტურდება:

100 ლარის შეგროვება სრული საათობრივი დატვირთვისთვის სანაცვლოდ;

მასწავლებლებისთვის ფულის შეგროვების იძულება დირექტორის შვილის ქორწინების გამო;

დირექტორის შვილის სამსახურში გამოცხადება-არ გამოცხადების საკითხი.

სკოლის დირექტორი ,,ტაბულასთან" საუბარში ამბობს, რომ გამოძიების შედეგებს ელოდება. ლელა ჯაყელი სამეურვეო საბჭომ 2014 წელს აირჩია, მანამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები