ახალი ამბები
ბინების გადაცემის სანაცვლოდ ორ დევნილს 3500 დოლარი გამოართვეს
მოქალაქეთა კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული ორ დევნილ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მათი ნდობა და მოტყუებით თანხა გამოართვა:

,,დაარწმუნა ისინი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემდა. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა საერთო ჯამში 3 500 აშშ დოლარს." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები