ახალი ამბები
მწვანილის ამბავი და გორის ციხის გათავისუფლება
,,მხოლოდ, ერთი გორის ციხის ალყის გამო,
ნახე, ახლა, იედიყულეს ციხისთავი გახდი“


ასე მისწერა 1600 წელს სიმონ პირველს ოსმალო პოეტმა ჰექმი ჩელებმა. სიმონის მეორედ დატყვევების ამბავი მუსტაფა ნაიმას მოთხრობილი აქვს მსოფლიო ისტორიის წიგნში ,,ბაიბურთელი ოსმანი“, რომელიც მე-17 საუკუნეში დაწერა.

ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა წერს, რომ იედიყულეს ციხეში მიყვანისას მეფეს ლექსიც უთქვამს:

,,სამდურავმა ბედის ტრიალმა გამანადგურა,
ამის გამო ხალხის თვალშიც არად ვიქეცი,
თუმცა ვზიდე ცხენისა და აქლემის ტვირთი,
მადლობა გამჩენს, ახლა ხვედრი შემიმსუბუქდა.“


სიმონ მეფე ოსმალებს ტყვედ 1599 წელს, ფარცხისთან ჩაუვარდა. ამის გამო, სტამბულში სამი დღის განმავლობაში ზეიმობდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 9-თვიანი ბრძოლა ქართველმა მეფემ გორის ციხის გათავისუფლებით დაასრულა. გორისციხის აღებამ საფრთხე თბილისში ოსმალთა გარნიზონს შეუქმნა. სულთანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა. ქართველები ალგეთის მიდამოებთან დახვდნენ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და მეფე ტყვედ ჩაიგდეს. სიმონი 1603 წელს, ტყვეობაში გარდაიცვალა.

გორის ციხის აღების ამბავი

ბერი ეგნატაშვილმა ,,ახალ ქართლის ცხოვრებაში“ გორის ციხის ალყის საინტერესო ამბავი შემოგვინახა. პირველი ალყის დროს, 1592 წელს, ქართველი მეფე გორიჯვარზე მებრძოლებთან ერთად იდგა. ის თრიაქით იყო გაბრუებული და ბოსტნებში მწვანილი დაინახა.

,,სირცხვილი თქვენ, რადგან მწვანილი მინდა და ვერ მიგემია“ - უთხრა სიმონმა მებრძოლებს. 100-ზე მეტი ქართველი ბოსტნებში მწვანილის მოსაკრეფად ჩავიდა. გორის ციხიდან ოსმალები გამოცვივდნენ და ქართველთა დიდი ნაწილი დახოცეს. მეფეს მწვანილი მაინც მიუტანეს.

მას შემდეგ სვიმონს ქართველებმა ,,ხელი“ (გადარეული) უწოდეს, ხოლო ოსმალები ,,დელი სიმონს“ (გიჟს) ეძახდნენ. ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ სიმონმა გახელებული ბრძოლა იცოდა.

,,მოადგა სვიმონ მეფე გორს, და ჯდა რა გორი-ჯვარს შთანთქა თრიაქი (ვითარ დაჩვეულ იყო პატიმრობასა შინა), და სვა ღვინო, მოინება მწვანილი მტილთა-გან, მეტყველ-მან სპათა თვისთა. ” არა არს თუ სირცხვილი თქვენდა, რამეთუ მნებავს მწვანილი, ვხედავ თვალითა და ვერ მიგემებიეს.” ამისა მსმენელნი სპანი განვიდნენ გორს, რათა მოიღონ მწვანილი, მოეტევნენ ციხიდამ ოსმალნი და იქმნა ბრძოლა და მოსწყდნენ მრავალნი. არამედ უფროსად ბოსრვიდიან თოფ-ზარბაზნითა ციხიდამ: მაშინ მოკლეს პაპის ძმის-წული მეფისა, სპასპეტი მეწინავისა გოჩა (რამეთუ იყო ესე გოჩა ძე გიორგისა, გიორგი ძე კონსტანტინესა, კონსტანტინე ძე ალსექსანდრესი, ალექსანდრე ძე კონსტანტინე მეფისა და ამ გოჩათი ეწოდათ ამა ძეთა გოჩა-შვილად), მოართვეს მწვანილი მეფესა და აყვედრეს მოწყვეტა სპათა მისთვის (მიერით-გან უწოდეს ხელი სვიმონ მეფე. ხოლო მაჰმადიანნი უხმობრნენ დელი სვიმონ).

მიუხედავად ამისა, სიმონმა რამდენიმე წლის შემდეგ, 1599 წელს, გორისციხე 9-თვიანი ალყის შემდეგ, მაინც აიღო, ოღონდ დიდმარხვის დღეებში.



საქართველოს ისტორიის ნარკვევების მიხედვით, ჩვეულებრივად ამ დროს ქართველები ომს თავს არიდებდნენ და, მტრის უშუალო შემოსევა თუ არ იყო, თვითონ ბრძოლას არ იწყებდნენ. ეს ოსმალებმაც კარგად იცოდნენ. სიმონმაც ეს გარემოება დაუდო საფუძვლად ციხის აღების გეგმას: ციხეს ალყა მოხსნა და გორს გაეცალა.

ოსმალებმა, რომლებიც დიდმარხვის დღეებში ქართველთაგან ბრძოლის განახლებას არ მოელოდნენ, სიფრთხილეს უკლეს. ამავე დროს მეფემ წინასწარი ზომები მიიღო მოულოდნელი თავდასხმის მოსაწყობად. შეტევა გვიან ღამით დაიწყო და გათენებამდე გრძელდებოდა. ქართველებმა გორის ციხე აიღეს.

გორის მწვანილის ისტორიას, როგორც აღვნიშნეთ, ბერი ეგნატაშვილი გვამცნობს. ის ასევე განმარტავს, რომ ეს მავნე ჩვევა მეფემ ალამუთის ციხეში ყოფნისას მიიღო. ქართველი ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ სიმონ პირველს ბევრი საფიქრალი ჰქონდა, რადგან ღალატსაც ბევრჯერ შეხვედრია. ყველაზე მძიმე მისთვის საკუთარი ძმის, დაუდ-ხანის საქციელი აღმოჩნდა.

ენციკლოპედიური ლექსიკონის მიხედვით, (2006 წლის გამოცემა, შეადგინა ალ. ელერდაშვლმა) თრიაქი ოპიუმს აღნიშნავს. ფიქრობენ, რომ ის მარიხუანას (კანაფს) არ მიეკუთვნებოდა, უფრო მეტად, ყაყაჩოს წვენისგან მზადდებოდა, თუმცა იფილტრებოდა.

სიმონ პირველის მეფობა ორ ეტაპად იყოფა. ჯერ 1556-1569 წწ მეფობდა და ყიზილბაშებს ებრძოდა. იმავე ფარცხისთან 1569 წელს ტყვედ ქართველი თავადის, ყორღანაშვილის წყალობით, ჩავარდა. ტყვე სიმონი ირანში, ალამუთის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც 9 წელი გაატარა.

ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე წერს, რომ ალამუთის ციხეში შაჰ-თამაზის შვილთან, ისმაილთან (შემდგომში ისმაილ I) ერთად იჯდა. სწორედ, ამ ტყვეობის დროს მიეძალა ნარკოტიკს.

ქართლს კი ამ დროს შაჰისაგან ხელდასმული გამაჰმადიანებული მისი ძმა დაუდ- ხანი მართავდა.

1978 წელს ოსმალეთმა ომი გამოუცხადა სპარსეთს. 1555 წლის ამასიის ზავი დაარღვია. სპარსეთის შაი იძულებული გახდა სიმონი გაეთავისუფლებინა და ოსმალეთის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ვახუშტის ცნობით, შაჰის დედამ, ოთარ შალიკაშვილის ასულმა, ხმალი და ლეჩაქი გაუგზავნა სვიმონ მეფეს, `ვითარცა წესი არს ქართველთა და შემოუთვალა: რომელიცა გნებავს, აღიღე და წახვედ ქვეყანასა შენსა ნიჭითა დიდითა ბრძოდეოსმალთა.


ქვემოთ ფოტოზე: ალამუთის ციხე, სადაც სიმონ I-მა 9 წელი გაატარა

Print

სტატიის გამოყენების პირობები