ახალი ამბები
თსუ-ს 100 წლის იუბილეზე მონაწილეობას გორის ქალთა გუნდიც მიიღებს
გორის ქალთა კამერული გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე მიიღებს მონაწილეობას. 

გალა კონცერტი 2018 წლის 08 თებერვალს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართება.

საერთაშორისო დონეზე დაგეგმილ ღონისძიებაზე 150-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მიიწვიეს, მათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები გაუწევენ მასპინძლობას.

საიუბილეო ღონისძიება გაიმართება 2 სხვადასხვა ლოკაციაზე: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში და კულტურისა და დასვენების ცენტრში - თბილისის ფუნიკულიორი.

წარმოდგენილი იქნება ორკესტრის საავტორო კონცერტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლების მონაწილეობით, ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი ,,რუსთავი’’, ქორეოგრაფიული ანსამბლი სუხიშვილები, გორის ქალთა კამერული გუნდი, კოსტიუმირებული მსახიობები, მუსიკოსები, მომღერლები, მოეწყობა ფოტოგადაღებები, კონცერტი ჩატარდება თემატურად დეკორირებულ სცენაზე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალი) დაარსდა. 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ, პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მიიღეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები