ახალი ამბები
ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს ღვინის სექტორის განვითარების ხედვას.

გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო ღონისძიებების გათვალისწინებით.

კერძოდ, სტრატეგიის მიზანია ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. დოკუმენტი მოიცავს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ადგილობრივი ბაზრისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების, ღვინის ტურიზმისა და სხვა მიმართულებებს.

აღნიშნული დოკუმენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ (CIM) ინტეგრირებული ექსპერტის ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით შემუშავდა, რომელსაც 2016-2017 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლის პოზიცია ეკავა.

ბერტჰოლდ ზაიტცმა ზემოთ აღნიშნული ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია წარადგინა მიღებაზე, რომელიცა გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორისა განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო ასევე ღვინის სექტორში 2018 წელს დაგეგმილი საქმიანობები და ღონისძიებები.

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა მომავალშიც გრძელდება. 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მოწვეულია CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი ანა ლუჟი, რომელიც საქართველოში ვენახების ეროვნული კადასტრის სისტემის განვითარებას გაუწევს დახმარებას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები