ახალი ამბები
№1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ითხოვენ, რომ ატენის ხეობას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭოს
ნიკო კეცხოველის კონკურსში გამარჯვებული გორის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის, „მწვანე მომავლის“ წევრები ატენის ხეობისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამის თაობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

პეტიციის გასაცნობად, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ატენის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გიგი ვანიშვილსა და ამავე ტერიტორიული ორგანოს დეპუტატს შოთა ვანიშვილს შეხვდნენ.

საკრებულოს წევრმა შოთა ვანიშვილმა, მოსწავლეების და მათი პედაგოგების წამოწყება მოიწონა და ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება აღუთქვა, თუმცა, მისი თქმით, ატენის ხეობაში პრობლემა იარსებებს მანამდე, ვიდრე არ მოხდება მთლიანად ქართლის სოფლების გაზიფიცირება, რადგან მოსახლეობა საწვავისთვის შეშას იმარაგებს სწორედ ატენის ხეობიდან.

,,დღის განმავლობაში შეშით დატვირთული 10-15 მანქანა (ურალი) გადის ხეობიდან. როდესაც გაზიფიცირება მთლიანად მოხდება შიდა ქართლში, მაშინ კი შესაძლებელი იქნება უფრო თამამი ნაბიჯები გადაიდგეს ამ კუთხით" - აღნიშნა ვანიშვილმა.

ეკოკლუბის და ატენის წარმომადგენლებმა ხეობის პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ რომ 90-იანი წლებიდან წიფლნარი და წიწვოვანი ტყეები (სოფლებში: ფელი, ორმოცი, ბობნევი, ბიისი და სხვა.) სისტემატიურად იჩეხება.

,,გაჩეხილი ტყეების შედაგად შეცვლილია ეკოლოგიური მდგომარეობა, ძლიერი წვიმის დროს მეწყერსაშიში ზონები გამოიკვეთა, მოსახლეობის ბაღებში ტყის ფრინველი მომრავლდა, ასევე იმატა ტყის ნადირმა, ბინადარ დაკარგული ცხოველებისა და ფრინველებისთვის ახალი ნიშა შეუგუებელი აღმოჩნდა. მცენარემოკლებულ ადგილებში, ცხოველების მსგავსად, წყალიც ვერ ჩერდება, ჟანგბადის რაოდენობამ იკლო და ასეულ წლობით შემდგარი ეკოსისტემა კვდება." - აცხადებენ ეკოკლუბის წარმომადგენლები.

მათივე აზრით, ატენის ხეობის ეკოლოგიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, არამედ ქვეყნის ეკოსისტემის, სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. ხელისუფლების წარომადგენლებს დაცული ტერიტორიის სტატუსის მოსაპოვებლად დახმარება სთხოვეს.

შეხვედრის შემდეგ ,,მწვანე მომავლის“ წევრებმა ამავე სკოლის დირექციასთან ერთად მოინახულეს ატენის ხეობის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს. იმავე დღეს მოაწყვეს დასუფთავების აქცია. მ,,წვანე მომავლის" წევრები ატენის ხეობის დასუფთავებას მომავალშიც ფიქრობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები