ახალი ამბები
გორის მე-6 საბავშვო ბაღში აღსაზრდელის სავარაუდო ცემის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს
გორის მე-6 საბავშვო ბაღში გუშინ პოლიცია გამოიძახეს. ამის მიზეზი აღსაზრდელის სავარაუდო ცემის ფაქტი გახდა. 

საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის დირექტორის, ლია კოვზიაშვილის ცნობით, აღსაზრდელს ნაჭდევები ნიკაპზე აღენიშნებოდა.

,,როდესაც წინა დღეს ბავშვი სახლში მისულა, მშობლებმა ნახეს, რომ ნიკაპზე მას დალურჯებები ჰქონდა. ჰკითხეს, რა მოხდაო. ბავშვს უთქვამს, რომ ძიძამ წამაქციაო. მერე დღეს, აღელვებული მშობლები საბავშვო ბაღში მივიდნენ სიტუაციის გასარკვევად. ფაქტის შესახებ ჩვენც გაგვაგებინეს და, ჩემი ინიციატივით, საქმის კურსში სამართალდამცველები ჩავაყენეთ. აღსაზრდელი ბაღში ამბობდა, რომ თავად წაიქცა. მიუხედავად ამისა, გამოძიების დაწყება მაინც მოვითხოვე" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ლია კოვზიაშვილმა.

ფაქტის შესახებ ბავშვის დედა კომენტარს არ აკეთებს, ისიც გამოძიების შედეგებს ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს (ცემა). საბავშვო ბაღში ძიძა აღმზრდელის თანაშემწედ ითვლება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები